საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტია. საქართველოში სავალუტო რეზერვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა მაღალი დოლარიზაციის და გარე ფაქტორებზე დამოკიდებულების პირობებში ფუნქციონირებს. ქვეყნის ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარეა ლარის კურსის ცვლილებებისადმი. საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ამიტომ გლობალურ ფასებზე ან გეოპოლიტიკურ მოვლენებზე მყისიერი რეაქცია აქვს. სავალუტო რეზერვები საშუალებას აძლევს ქვეყანას კრიზისებს მომზადებული შეხვდეს. ქვეყანა საერთაშორისო კრედიტორების მიმართ არსებულ ვალდებულებებს სწორედ რეზერვების გამოყენებით იხდის. ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა რეიტინგების შენარჩუნებისთვის და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. როდესაც ინვესტორები ან საერთაშორისო ორგანიზაციები ხედავენ, რომ ქვეყანას საკმარისი რეზერვები აქვს, იზრდება ნდობა ეკონომიკის მდგრადობის მიმართ, რაც გავლენას ახდენს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე.

,,კომერსანტი“ გთავაზობთ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ინტერვენციების მონაცემებს.

2024 წლის სექტემბერი - საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შემცირდა 126 მილიონი დოლარით, რაც ძირითადად სებ-ის ინტერვენციებს უკავშირდებოდა.

2024 წლის ოქტომბერი - სავალუტო აუქციონით გაყიდვა: 213.4 მილიონი დოლარი; Bmatch პლატფორმაზე წმინდა გაყიდვა: 377.7 მილიონი დოლარი; სულ გაიყიდა 591 მილიონი დოლარი, რაც სებ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინტერვენციაა.

2024 წლის ნოემბერი - Bmatch პლატფორმაზე წმინდა შესყიდვა: 124.5 მილიონი დოლარი. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გაიზარდა 39 მილიონი დოლარით.

2024 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული წმინდა გაყიდვები 464 მილიონ დოლარს შეადგენს.

2024 წლის დეკემბერი - 28.6 მილიონი დოლარის წმინდა შესყიდვა. ამ პერიოდში ბაზარზე სიტუაცია შედარებით დამშვიდებული იყო. ეს თვე მაგალითია, როცა ეროვნული ბანკი „უყურებს და არ ერევა ზედმეტად“, მაგრამ თანდათან ივსებს რეზერვებს.

2024 წელს, სებ-მა Bmatch პლატფორმით იყიდა 482.6 მილიონი დოლარი და გაყიდა 535 მილიონი დოლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარში Bmatch სავაჭრო პლატფორმით ოპერაციები არ განხორციელებულა. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 4.43 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 423 მილიონი დოლარის კლებას წარმოადგენს. ამ შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სებ-ის მიერ გასულ წელს განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები იყო.

2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება: იანვარ-თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა; მარტი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $101.7 მილიონი. ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4.31 მლრდ. დოლარს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 27 მაისს გამოაქვეყნებს.