REMAX Capital-ის დამფუძნებლის, მარიამ ასათიანის ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, უძრავ ქონებაზე ფასები 7%-ით გაიზარდა.
როგორც ასათიანმა რადიო "კომერსანტის" ეთერში აღნიშნა, მოთხოვნა მაღალია როგორც კომერციულ, ისე საცხოვრებელ ფართებზე.
,,მოთხოვნა ზაფხულშიც მაღალი იყო, ახლა კი ტენდენცია მზარდია. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ სეგმენტზე, აღარაფერს ვამბობ მიწებზე, რაც ძალიან დეფიციტურია.
ზოგადად, სეზონურობაც ახასიათებს და ბაზარი უფრო სექტემბრიდან ცოცხლდება ხოლმე ბაზარი. საქსტატის უახლესი კვლევით, დაახლოებით ნახევარი პროცენტით არის გაზრდილი ფასები წინა კვარტალთან შედარებით, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბაზარი აქტიურია, რადგან როცა ფასი იზრდება, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მოთხოვნაც მაღალია.
2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, უძრავ ქონებაზე ფასები 7%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება 2020 წელს, არ არის გასაკვირი, რომ აქ ზრდა ძალიან მაღალი გვაქვს - 57%-იან ზრდაზეა საუბარი",- ამბობს ასათიანი.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უძრავი ქონების ბაზარზე, VIP კატეგორიის ფართებზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს.
,,მაღალ სეგმენტში, მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე - მიწოდება. საკმაოდ რთულია იმ სეგმენტის ბინის მოძებნა და მყიდველის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ძვირად ღირებულ სეგმენტს ეხება. ძირითადად, მაღალ სეგმენტში მოთხოვნა ქართველი რეზიდენტებისგან მოდის, მაგრამ უფრო და უფრო მატულობს მოთხოვნა საერთაშორისო მყიდველებისგან და სავარაუდოდ, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაიზრდება დაანონსებული პროექტებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი ქმნის იმ განწყობას, რომ მეტი და მეტი უცხოელი მყიდველი შემოემატება საქართველოს ბაზარს.
რაც შეეხება კომერციულსა და საოფისე მიმართულებას, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ბიზნეს ცენტრვები იხსნება, საოფისე ფართების დაქირავება საკმაოდ რთულია",- აღნიშნა მარიამ ასათიანმა რადიო "კომერსანტის" ეთერში.