წინასაარჩევნოდ ეროვნული ვალუტა საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება და  ამ მდგომარეობას, სავარაუდოდ, არჩევნების შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი დადებითია, რაც გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის კვლევითაც გამყარდა და გავრცელებულ მოსაზრებას ექსპერტთა უმეტესობაც ეთანხმება.

როგორც ,,თიბისი კაპიტალი" კვლევაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე ლარის კურსზე ზეწოლა არ იკვეთება, ხოლო თუკი ბაზარზე არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინი გაჩნდა, ეს კურსზე მაინც არჩევნებამდე აისახება და არა მას შემდეგ.

"წმინდა სავალუტო შემოდინებები, ივნისის სარეკორდო ნიშნულის შემდეგ, ივლისშიც მაღალია, თუმცა, ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, სავაჭრო ბალანსის გაუარესების გამო წინა თვეს მცირედით ჩამორჩება. თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს მიგრაციის ეფექტი მცირედით, მაგრამ მაინც შესუსტებულია, რის მიზეზსაც არა ტრანზაქციების, ანუ მიგრანტთა რაოდენობის, კლება, არამედ შემცირებული საშუალო ხარჯი წარმოადგენს, განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაში", - აღნიშნულია ,,თიბისი კაპიტალის კვლევაში.

დოკუმენტის თანახმად, მსგავსი სურათი იკვეთება შემოსავლების მხრივ სწრაფი ფულადი გზავნილების მონაცემებშიც, რომელთა თანახმადაც ივლისში რუსეთიდან საშუალო გზავნილის მოცულობამ 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გზავნილების რაოდენობა ომამდელ პერიოდზე მნიშვნელოვნად მაღალი დარჩა.

,,თიბისი კაპიტალის" კვლევას საბანკო სფეროს ექსპერტები გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, საარჩევნოდ ლარის კურსს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო როგორი იქნება იგი საშუალო და გრძელოვადიან პერსპექტივაში, მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

პროფესორი ლია ელიავა ფიქრობს, რომ შემოდგომის განმავლოაბში დაახლოებით გაცვლითი კურსი 2,70-2,75 ლარის ფარგლებში იმერყევებს, რა თქმა უნდა, თუკი არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე გართულება არ იქნება და პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდება.

,,ვფიქრობ, ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ყველა ღონეს იხმარენ, რომ კურსის მკვეთრი რყევა არ დაუშვან. სტაბილურობა გვექნება, ამ მხრივ საფრთხეს ვერ ვხედავ. მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს. გააჩნია იმასაც, რა შედეგით დასრულდება არჩევნები. მაგალითად, წაგებულ მხარეს შეიძლება ქვეყნიდან ფულის გატანის სურვილი გაუჩნდეს, არაფერია გამორიცხული, მაგრამ ასეთ მოსაზრებას მყარი დასაბუთება ასჭირდება.

მცირე რყევა ისედაცაა ხოლმე და ეს ნორმალურია. ალბათ 2,70-2,75-ის ფარგლებში იმერყევებს ლარი, არ მგონია, ამაზე მეტად გაუფასურდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ფასების ზრდას  და ისედაც გაუბედურებული ეკონომიკის პირობებში რთული რეალობა ჩამოყალიბდება. ერთხელ გაძვირებული ფასი მარტივად არ იცვლება, ამიტომ ყველა ღონეს გამოიყენებენ სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რომ ინფლაცია არ გაიზარდოს, რაც უკვე არც მთავრობის და არც სებ-ის ინტერესში არ ჯდება", - განაცხადა ელიავამ.

ვრცლად: რეზონანსი