2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6468- დან 2.5876-მდე (2.2%-ით), ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.8389-დან 2.7646-მდე (2.6%-ით) გამყარდა. სებ-ის ინფორმაციით, მარტში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 2.6169, ხოლო მინიმალურმა 2.5604 შეადგინა.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, ლარის გამყარებას რამდენიმე ფუნდამენტური ფაქტორი განაპირობებს.

„ლარის გამყარებაზე შემდეგი ფაქტორები მოქმედებს, პირველი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამ ორი ქვეყნიდან დიდი რაოდენობით მიგრანტების შემოსვლა, შესაბამისად საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა მიგრანტების ხარჯზე. ეს ადამიანები ქმნიან მოთხოვნას უძრავ ქონებაზე, საქონელსა და მომსახურებაზე, რაც ცხადია ზრდის ლარზე მოთხოვნას და იწვევს მის გამყარებას. ამდენად საგარეო მოთხოვნის ზრდამ ამ პროცესებს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და დაიწყო ამ პროცესების დაჩქარება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოლოდინების ფაქტორი. აქ რას ვგულისხმობ, როდესაც ვხედავთ რომ ეროვნული ვალუტა მყარდება და ეს ხდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ვცდილობთ დანაზოგები ლარში შევინახოთ და არა უცხოურ ვალუტაში, რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს ლარს. როდესაც გვაქვს მოლოდინი ან ვხედავთ, რომ ლარი უფასურდება, ამ დროს ჩვენი დანაზოგების კონვერტირებას უცხოურ ვალუტაში ვახდენთ.

სადამდე გაგრძელდება ლარის გამყარება, ეს მოხდება მანამ ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ამოიწურება, თუმცა როდის მოხდება ეს, ძნელად პროგნოზირებადია. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ერთი შეიძლება ითქვას, რომ ბოლო მონაცემებით მიგრანტთა შემოდინების ზრდის ტემპი შემცირებულია და ამ ფაქტორის გავლენა ლარის კურსზე შესაბამისად უნდა შემცირდეს“, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.