21-ე საუკუნეში ელექტროენერგია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წყალი და სუფთა ჰაერი. ის არამხოლოდ კომფორტული ცხოვრების საფუძველია, არამედ ეკონომიკის ძრავი, ტექნოლოგიური წინსვლის ხელშემწყობი და ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედი. არ არსებობს დარგი, რომელსაც ელექტროენერგია არ სჭირდება, დაწყებული განათლებით, დამთავრებული სამრეწველო წარმოებით, სოფლის მეურნეობითა და ჯანდაცვით. აქედან გამომდინარე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნები ეძებენ გზებს, როგორ უზრუნველყონ ენერგიის მდგრადი, იაფი და ეკოლოგიურად სუფთა წყაროები. ამ კონტექსტში ჰიდროელექტროსადგურები ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და მნიშვნელოვან გამოსავლად გვევლინება.

ჰესები არა მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროა, არამედ მრავალი ქვეყნისთვის წარმოადგენს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს. უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებითა და შესაბამისად ჰესების აქტიური მშენებლობის წყალობით რამდენიმე ქვეყანამ შეძლო ჩამოეყალიბებინა ძლიერი ენერგოსექტორი, განევითარებინა რეგიონები და მიეღო სოლიდური ფინანსური შემოსავალი.

ამის ერთ-ერთი ნათელი და წარმატებული მაგალითი ნორვეგიაა, რომელიც მსოფლიო ჰიდროენერგეტიკის ლიდერია. ქვეყანამ ჰიდროენერგიის განვითარებას ადრეული XX საუკუნიდან სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა. მისი ბუნებრივი პირობები, კერძოდ, მაღალმთიანი რელიეფი, უხვი ნალექი და მდინარეების სიმრავლე იდეალურ საფუძველს ქმნიდა ჰესების ეფექტური მშენებლობისთვის. დღეს, ნორვეგიის ენერგომატარებლების სექტორი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მდგრად და ეკოლოგიურად სუფთა სისტემას მსოფლიოში, სადაც ჰიდროელექტროსადგურები ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით 95%-ს აწარმოებენ.

მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს რა მიმართულებებით მიიღო ქვეყანამ სარგებელი აღნიშნული პოლიტიკით. პირველ რიგში, ნორვეგია ჰესების წყალობით პრაქტიკულად სრულად დამოუკიდებელი გახდა ენერგიის იმპორტისგან. ამით ქვეყანამ არამარტო ენერგოდამოუკიდებლობა, არამედ ენერგეტიკული უსაფრთხოებაც უზრუნველყო.

გარდა ამისა, ნორვეგია მნიშვნელოვან სარგებელს იღებს უშუალოდ ნამეტი ენერგიის ექსპორტიდანაც. ჰესების მეშვეობით გამომუშავებული იაფი და სუფთა ენერგია გადის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის შვედეთში, ფინეთში, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში. მაგალითისთვის, 2019 წელს ნორვეგიამ განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი — North Sea Link, წყალქვეშა კაბელი, რომელიც ნორვეგიას დიდ ბრიტანეთთან აკავშირებს. ეს პროექტი საშუალებას აძლევს ქვეყანას, გამოიტანოს ნამეტი ენერგია ექსპორტზე და შესაბამისად შემოსავალი მიიღოს. სტატისტიკასაც თუ ჩავხედავთ, 2023 წელს ნორვეგიამ ექსპორტზე დაახლოებით 18-20 ტერავატ საათი ელექტროენერგია გაიტანა. შემოსავლის სახით ქვეყანამ 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მიიღო. ბუნებრივია ისიც, რომ წლების განმავლობაში ელექტროენერგის ექსპორტიდან ნორვეგია სხვადასხვა მოცულობის შემოსავალს იღებს. იგივე 2022 წელს გლობალური ენერგოკრიზის ფონზე ექსპორტმა რეკორდულ დონეს მიაღწია და შემოსავალი 4 მილიარდ დოლარსაც გადააჭარბა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი, რასაც ნორვეგია ჰესების განვითარებით იღებს, ეს ეკოლოგიური მდგრადობაა. ფაქტობრივად ნორვეგია ამსხვრევს მითს, რომლის მიხედვითაც, ჰესები ეკოლოგიაზე ნეგატიურად მოქმედებს. ჰესები ნორვეგიისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკის კრიტიკული ნაწილია. ელექტროენერგიის დაბალი ნახშიროჟანგის ემისია საშუალებას აძლევს ქვეყანას შეამციროს კლიმატზე მავნე ზემოქმედება და დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები (მაგალითად, პარიზის შეთანხმება).

სხვა სარგებლობებს შორის ასევე უნდა გამოვყოთ ნორვეგიის რეგიონული განვითარებაც, რადგან  ჰესების მშენებლობამ ხელი შეუწყო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დასაქმების ახალი შესაძლებლობებს. ჯამში ნორვეგიაში 1700-მდე ჰესი ფუნქციონირებს.

ჰესების მშენებლობიდან მიღებული მრავალი სარგებლის კიდევ ერთი მაგალითია ბრაზილია. ქვეყანა გლობალურად ჰიდროელექტროენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგიის 65-70% სწორედ ჰესებზე მოდის, ხოლო ზოგიერთ წლებში ეს მაჩვენებელი 80%-საც აჭარბებდა. უნდა აღინიშნოს, რომ  ბრაზილიაში მოქმედებს 200-ზე მეტი დიდი ჰესი და ათასობით მცირე და საშუალო სადგური. ჰესები უზრუნველყოფენ იაფი ენერგიის წარმოებას, რადგან იგივე თბოსადგურებზე წარმოებული ენერგია უფრო ძვირი ჯდება. ამრიგად, ბრაზილიამ მოახერხა მაქსიმალურად შეემცირებინა უცხოურ ენერგორესურებზე დამოკიდებულება. განსაკუთრებით COVID-19-ისა და გლობალური ენერგოკრიზისის დროს გამოიკვეთა ის უპირატესობა, რაც ჰესებზე დაფუძნებულ ენერგოსისტემას აქვს.

რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს ბრაზილია არა მხოლოდ აკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას, არამედ ენერგიის ექსპორტსაც ახორციელებს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის არგენტინაში, ურუგვაიში და პარაგვაიში. ეს კი შემოსავლის წყაროა ქვეყნისთვის.

საბოლოო ჯამში, პრაქტიკული მაგალითები ცხადყოფს, რომ ჰესების მშენებლობით მიღებული სარგებელი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ცნება არაა, ის ნამდვილად მუშაობს და ქვეყნისთვის სიკეთეც მოაქვს, როგორც ეს ზემოთ მოყვანილ მაგალითებში დავინახეთ. ასევე ეს მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, რომ ჰესების მშენებლობა სწორი პოლიტიკით არა თუ ნეგატიურ გავლენას ახდენს ეკოლოგიაზე, არამედ, პირიქით, მის შენარჩუნებას უწყობს ხელს.