საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან ასგეირ იონსონთან სამუშაო შეხვედრა გამართა – ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს.
„მხარეებმა განიხილეს ცენტრალური ბანკების როლი და დეტალურად ისაუბრეს მონეტარული პოლიტიკის შესახებ. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის არსებულ პრაქტიკაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალურად ცვალებად გარემოში არსებულ ფინანსურ სისტემებზე და მსოფლიოს შეცვლილი დღის წესრიგის პირობებში მონეტარულ პოლიტიკაზე.
ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და იმსჯელეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისა და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან.
ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. ასგეირ იონსონი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „გლობალური ფინანსური სისტემა ცვალებად გარემოში: გავლენა მონეტარულ პოლიტიკაზე““ – ნათქვამია ინფორმაციაში.