Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე "საქმიან დილაში" სტუმრობისას ამბობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თუ გაძვირდება, ინფლაციაზე მისი გავლენა დიდი არ იქნება და შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებაზეც მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

„ეს ეფექტი ერთჯერადი იქნება, თუმცა 100%-ით არ ვარ დარწმუნებული, რომ მარტში ტარიფის ზრდა ნამდვილად მოხდება. ვიცით, რომ სხდომა 3 თვით გადაიდო, თუმცა თუ ტარიფი გაიზრდება და დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, რაც შემცირებამდე იყო, ამ დონის ზრდის შემთხვევაში, უხეშად რომ შევაფასოთ, ინფლაციაზე წნეხი შესაძლოა, 0.3 პროცენტული პუნქტი იყოს. ფაქტობრივად, სურსათისა და ჯანდაცვის კატეგორიები, რომლებმაც ზრდა მარტიდან დაიწყო, ნელ-ნელა გამოითიშება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ გაცვლით კურსზეც. კურსის გამყარება ფაქტობრივად ინფლაციის შენელებას უწყობს ხელს, რადგან ის გავლენას ახდენს იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე. ჩვენ ამჟამად სწორედ გამყარების ტენდენციას ვხედავთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენი პროგნოზით, კურსი 2.69-ს გაუტოლდება, თუმცა შესაძლოა, მომდევნო თვეებში 2.65-ის ფარგლებშიც ჩამოყალიბდეს. ეს კი გარკვეულწილად გაანეიტრალებს იმ ეფექტს, რაც შესაძლოა ტარიფების ზრდას მოჰყვეს. თუმცა ჯერჯერობით მაინც უნდა დაველოდოთ, მიიღებენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ეს ერთჯერადი ფაქტორია და ამან მონეტარული პოლიტიკის ტრაექტორიას ხელი არ უნდა შეუშალოს", - აცხადებს ქავთარაძე.

11 თებერვალს სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დროებით გაზრდილი ინფლაციის პირობებში შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. 2026 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, რაც ძირითადად სურსათზე ფასების ზრდით იყო განპირობებული. თუმცა, საბაზო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს, 2.1%-ზე დონეზე იყო, რაც რეგულატორის მიხედვით, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 25 მარტს გაიმართება.

ვრცლად bm.ge-ზე