სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2025 წლის აგვისტოს საწვავის შესყიდვების კონტრაქტები მთავრობისთვის. დოკუმენტაციის თანახმად, გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასის თვიურად 1.3%-ით გაძვირების მიუხედავად შესასყიდი ფასი უცვლელი დარჩა.
საქმე ისაა, რომ კონტრაქტის თანახმად ფასი იცვლება მხოლოდ მაშინ თუკი თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე საწვავის (პლატსის) ფასი 3%-ზე მეტად იზრდება/მცირდება. სხვა შემთხვევაში, კონტრაქტის პირობები უცვლელად რჩება.
კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში მთავრობა რეგულარის მარკის საწვავს "სოკარისგან" ყიდულობს, პრემიუმს "რომპეტროლისგან", ხოლო ევრო დიზელსა და სუპერს კი "ვისოლისგან".
საწვავის კატეგორიების მიხედვით ფასები ასე ნაწილდება:
- რეგულარი - 2.36 ლარი, ივლისის ფასი 2.36 ლარი;
- პრემიუმი - 2.28 ლარი, ივლისის ფასი 2.38 ლარი;
- სუპერი - 2.67 ლარი, ივლისის ფასი 2.67 ლარი.
საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.
კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.
ამასთან, კონტრაქტის თანახმად, ფასის გადაანგარიშება ყოველთვიურად ხდება და თუკი ფასის სხვაობა წინა თვესთან შედარებით 3%-ს გადააჭარბებს ის ახალი ფასით იცვლება, 3%-ზე ნაკლები სხვაობის შემთხვევაში კი ავტომატურად წინა თვის ფასი ნარჩუნდება.
აპრილში Platts-ის ფასი 707 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ეს ფასის 1.3%-ის ცვლეილება იყო და მას საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული კონტრაქტების ფასზე გავლენა არ მოუხდენია.
რაც შეეხება ფასებს საცალო ბაზარზე, აქ უკანასკნელ პერიოდში საწვავის გაძვირება შეინიშნება. რეგულარის ფასი ლიტრზე 2.95-2.97 ლარის ფარგლებშია, პრემიუმის ღირებულება 3.15-3.17 ლარის ფარგლებშია, ხოლო სუპერის ფასი კი 3.50-3.57 ლარის ფარგლებში მერყეობს.