ქალაქ ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის მიზნით ყოფილი პარლამენტის შენობის რეაბილიტაციის მიზნით ახალი ტენდერები გამოცხადდა. ერთ-ერთი ტენდერი შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ გამოაცხადა, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა. ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 967 000 ლარია და იგი ქუთაისში ყოფილი პარლამენტის C კორპუსის ფასადის მედია განათების (3D Mapping) პროექტირების, მშენებლობის და მონტაჟის Design-Build მეთოდით შესყიდვას ითვალისწინებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტირება და მშენებლობა, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების ჩათვლით, უნდა შესრულდეს არაუგვიანეს 2025 წლის 7 სექტემბრისა.

წინადადებების მიღება 17 აპრილს დაიწყება და 22 აპრილს დასრულდება.

მეორე ტენდერს კი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) აცხადებს პარლამენტის ყოფილი შენობის დეკორატიულ აუზებზე, სახურავზე და მინის გუმბათზე ჰიდროიზოლაციის მოწყობისა და მზის ამრეკლი ფირების გადაკვრისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

ამ შემთხვევაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 265 600 ლარია.

შესასრულებელი სამუშაოებია თავდაპირველად ორსტადიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება:
- I სტადია - წინასწარი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა.
- II სტადია-ექსპერტიზებული დეტალური სრული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ამის შემდეგ კი სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ:

  • შენობა #2 და #3 დეკორატიული აუზების რეაბილიტაცია.
    - დეკორატიული აუზების #2 და #3 ზედაპირების ძველი იზოლაციიდან დაზიანებული, დეგრადირებული და ადგეზია მოკლებული კერების ამოჭრა-დემონტაჟი;
    - ზედაპირის მორეცხვა მაღალი წნევის წყლის ჭავლით და შესაბამისად მისი გასუფთავება მტვრისაგან და ჭუჭყისგან;
    - შესაბამისი სამუშაო ტექნოლოგიით აუზების იატაკის და კედლის ზედაპირზე ჰიდროსაიზოლაციო სისტემის მოწყობა გაფრქვევითი ტიპის პოლიურიით.
    - პოლიურიის შრეზე ულტრაიისფერ დასხივებაზე მედეგი და ცვეთამედეგი ჰიდროსაიზოლაციო სისტემით, შესაბამისი დამცავი ფენით.
  • შენობა #1(7) ფიბრობეტონის გადახურვის ჰიდროიზო ლაციის რეაბილიტაცია.
    - ფიბრობეტონის ზედაპირის მორეცხვა მაღალი წნევის წყლის ჭავლით;
    - ფიბრობეტონის ზედაპირის დამუშავება ულტრაიისფერ დასხივებაზე მედეგი და ცვეთამედეგი მასალით;
    - შენობის გუმბათის მინის გადახურვის მორეცხვა მაღალი წნევის წყლის ჭავლით;
  • -შენობა #1(7) მინა-პაკეტის გადახურვის ჰიდროიზოლაციის რეაბილიტაცია;
    - მინის ზედაპირის გადაბმის ადგილების მორეცხვა მაღალი წნევის წყლის ჭავლით და შესაბამისად მისი გასუფთავება მტვრისაგან და ჭუჭყისგან;
    - შენობის გუმბათის მინის გადახურვის დამაკავშირებელი პროფილების გადაბმის ადგილებზე ჰიდროიზოლაციის სისტემის მოწყობა.
  • შენობა #1(7) მინა-პაკეტის ზედაპირზე მზის და სიცხის ამრეკლი ფირების ინსტალაცია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტირებისა და მშენებლობის საერთო ხანგრძლივობა, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების ჩათვლით შეადგენს - არაუმეტეს 365 (სამას სამოცდახუთი) კალენდარულ დღეს, ამასთან საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. ამასთან, როგორც ტენდერის დოკუმენტაციაში წერია, პრეტენდენტი ვალდებულია დაგეგმილი ჰიდროიზოლაციის სამუშაოების სრულად განხორციელებამდე, პირველ ეტაპზე უზრუნველყოს შენობის შიდა სივრცეებში, მათ შორის სარდაფში, წყლის ჩამოსვლის სრულად შეჩერება არაუგვიანეს 10 სექტემბრისა.

წინადადებების მიღება 23 აპრილს დაიწყება და 28 აპრილს დასრულდება.

ცნობისთვის, ქუთაისის პარლამენტის შენობა პარლამენტის სესიებს 2012-2016 წლების განმავლობაში მასპინძლობდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ის სრულიად უფუნქციოდ დარჩა. 2023 წლის ივნისში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის პროექტი დააანონსა, თუმცა ის ირაკლი კობახიძის მთავრობამ 2024 წლის აგვისტოში ხელახლა დააანონსა. პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ GITA აღნიშნულ ტერიტორიაზე სომხურ კომპანია TUMO-ს სასწავლო ცენტრის მოწყობაში €1.8 მილიონს გადაუხდის.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციის ₾21-მილიონიან ტენდერში კომპანია "თბილმა სახლმა" გაიმარჯვა. რა ეტაპზეა ამ კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაოები, ამის შესახებ bm.ge ინფორმაციის მოპოვებას შეეცდება.

წყარო: bm.ge