მსოფლიოში დაკავებული პოზიციისთვის ყველაზე მაღალი ხელფასი სინგაპურის პრემიერს აქვს და წელიწადში 1.7 მლნ დოლარს აჭარბებს - ამის შესახებ ვკითხულობთ PoliticalSalaries მსოფლიო ლიდერების რეიტინგში.
განახლებული მონაცემებით ათეულში მოხვდნენ შვეიცარიის, გერმანიის, ამერიკის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, გრენლანდიის, კანადისა და დანიის პოლიტიკური ლიდერებიც.
უფრო კონკრეტულად, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკური ლიდერების ათეული და მათი ყოველწლიური ხელფასი ასეთია:
- სინგაპურის პრემიერი - 1 725 000 დოლარი;
- შვეიცარიის პრეზიდენტი - 622 000 დოლარი;
- გერმანიის კანცლერი - 432 000 დოლარი;
- ავსტრალიის პრემიერი - 415 000 დოლარი;
- აშშ-ის პრეზიდენტი - 400 000 დოლარი;
- ავსტრიის კანცლერი - 339 000 დოლარი;
- ბელგიის პრემიერი - 320 000 დოლარი;
- დანიის პრემიერი - 311 000 დოლარი;
- გრენლანდიის პრემიერი - 311 000 დოლარი;
- კანადის პრემიერი - 305 000 დოლარი.
რაც შეეხება საქართველოს, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება გაიზარდა. იმ თანამდებობის პირებს შორის, რომელთა ანაზღაურებაც ყველაზე მეტად გაიზრდება, არიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარეები, პარლამენტის წევრები და ა.შ. საქართველოში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს გამოსათვლელად შესაბამისი კოეფიციენტები გამოიყენება. ყველაზე მაღალი - 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სარგო.
საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაც 2025 წლის მდგომარეობით 1 460 ლარს შეადგენს. ასე დაანგარიშების შემთხვევაში გამოდის, რომ პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის შემოსავალი ამ თანამდებობებზე წლიურად 175 200 ლარს შეადგენს (საშემოსავლოს ჩათვლით).
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით, მომდევნო წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების ანაზღაურება 10%-ით კვლავ გაიზრდება. იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის პროექტი კანონის სახეს მიიღებს, მომავალი წლიდან პრეზიდენტის წლიური ხელფასი 192 000 ლარი იქნება, ამავე ოდენობის ხელფასი ექნება პრემიერ-მინისტრსაც.