საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო და ბოლო სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე დასწია.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის აზრით, განაკვეთის შემცირება გაგრძელდება და წლის ბოლოსთვის ის სავარაუდოდ 9%-ს მიაღწევს.

„რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ ლარიზაციის პროცესს უნდა შეუწყოს ხელი. გარდა ამისა თუ ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდება, რაც მოსალოდნელია, ეს მომხმარებლებისთვის სასიკეთო იქნება. 

რას შეეხება პროგნოზებს, ის ტენდენციები რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ინფლაციის შემცირება, იძლევა უკვე იმ ნიშნებს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება გაგრძელდება და 2023 წლის ბოლომდე 9%-მდე დაიწევს, ეროვნული ბანკის გასული წლის პროგნოზიც ასეთი იყო. ინფლაციის მაჩვენებელი მცირდება და ამის საშუალებას იძლევა.

ბოლო სხდომაზე სებ-მა 0.25%-ის ნაცვლად პირდაპირ 0.50%-ით შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ნამდვილად სწორია“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და 10 მაისს რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით შეამცირა.