2024 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა განხორციელდა საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება: ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, დაახლოებით 99 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ ცნობილი სებ-ის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშიდან გახდა.
„საგულისხმოა, რომ ოქროს საერთაშორისო ფასი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
2024 წელს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 561 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 4,448.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვებზე ზრდის მიმართულებით მთავრობის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა ქვეყნის მთავრობებიდან მოზიდული სესხები და გრანტები, ასევე რეზერვებზე საპროცენტო შემოსავლები და ოქროს ფასის ღირებულების ზრდა მოქმედებდა. გარდა ამისა, 2024 წლის დეკემბრიდან კომერციული ბანკების მიერ მოზიდული უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე დასაცავი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რამაც წლის ბოლოსთვის სავალუტო რეზერვების მოცულობა დამატებით გაზარდა. წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვებზე შემცირების მიმართულებით მთავრობის სავალუტო ხარჯები, ასევე სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენციები მოქმედებდა.
2024 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო აქტივებში დაამატა მონეტარული ოქროს ზოდები, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციისა და სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით. ოქრო ისტორიულად აღიარებულია როგორც უსაფრთხო აქტივი, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ინარჩუნებს ღირებულებას და იცავს რეზერვებს გლობალური ფინანსური ბაზრების გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკებისგან. მონეტარული ოქროს დამატებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააუმჯობესა საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა და დივერსიფიკაციის ხარისხი, რაც ამცირებს დამოკიდებულებას კონკრეტულ უცხოურ ვალუტებზე და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს სარგებელს, როგორც ფინანსური სტაბილურობის, ისე ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ოქროს წილი 13.5 პროცენტს (598.7 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.