ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა შემთხვევები, როცა სადაზღვევო კომპანია არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც მას კონტრაქტით აქვს აღებული დაზღვეულის წინაშე, - ამის შესახებ დაზღვევის კავშირის გენერალურმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მომხმარებლების უფლებების დაცვის მიმართულებით საკმაოდ დიდი ნაბიჯები იქნა გადადგმული.
"თავად რეგულატორს შექმნილი აქვს მომხმარებელთა დაცვის სპეციალური სამსახური თავის სტრუქტურაში, რომელიც ეფექტიანია და მუშაობს. სანამ მომხმარებელი ადვოკატთან გაიქცევა, მას უნდა მისწერონ და მიაკითხოს. ასევე, არის კერძო სტრუქტურა - მედიაციის სამსახური, რომელიც დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ყველაზე კარგი სამედიცინო დაზღვევა არის ჯგუფური. ჩვენ სხვანაირად ამას კორპორატიულ დაზღვევას ვეძახით, მაგრამ საქართველოში კორპორაციები არ არის ბევრი. ამიტომ, ადამიანს კერძო დაზღვევის ინდივიდუალურად ყიდვა უწევს, რომელიც საკმაოდ სუსტია. ინდივიდუალური დაზღვევა აშშ-შიც ძალიან სუსტია", - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.
გარდა ამისა, მან სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაზღვევის კავშირი რჩება იმ აზრზე, რომ დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება.
"სავალდებულო დაზღვევის შემოღება ყველაზე ხარჯეფექტური იქნება როგორც დასაქმებულისთვის, ასევე სახელმწიფოსათვის, რადგან დასაქმებულთა ნაწილს, რომელსაც კერძო დაზღვევა არ აქვს ნაყიდი, სახელმწიფო თავისი ჯიბიდან უხდის", - აღნიშნა ლაშა ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოში ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის 70 139 მოქმედი პოლისია. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის პოლისების რაოდენობა 61 ათასზე ნაკლები იყო.