„მიმდინარე წელს მოსალოდნელია, რომ საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი 12-15%-ით გაიზრდება“, ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა. მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთების ზრდა უცხოურ ვალუტაში სესხებზე დაფიქსირდება, ლარში სესხებზე განაკვეთების ზრდა კი დამოკიდებული იქნება მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე.

„დღეს საკმაოდ მოკრძალებული ზრდის ტემპით არის წარმოდგენილი საბანკო სექტორი საქართველოში. მიუხედავად ამისა, ის სტაბილურად აგრძელებს ზრდას. წლის განმავლობაში პროგნოზირებულია, რომ 12-15%-მდე შეიძლება გაიზარდოს საკრედიტო პორტფელი, რაც ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მათ შორის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზეც, რადგან საკრედიტო პორტფელის აქტივობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ძირითადად ეს ეხება მაღალ საპროცენტო განაკვეთებს. მაღალი საპროცენტო განაკვეთები შენარჩუნდება წლის ბოლომდე, ძირითადად ზრდაც უცხოურ ვალუტაში სესხებზე დაფიქსირდეს, ხოლო ლარში სესხები დამოკიდებული იქნება მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია წლის ბოლომდე პერიოდულად გაგრძელდება“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

რაც შეეხება მომგებიანობის ნაწილს, მისი თქმით, კვლავინდებურად მაღალია საბანკო სექტორშია მოგება. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საბანკო სექტორი სტაბილური და მდგრადია. მომგებიანობის მაღალი მაჩვენებელი კი ხელს შეუწყობს ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რაც დღის წესრიგში დგას.