არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნება ვერ მოხერხდება. ასეთი პოზიცია აქვს ეკონომისტ დავით კიკვიძეს. ის „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ბოლო 2 თვეა ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია ნარჩუნდება. კურსის ვარდნა კი ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ ვითარებას უკავშირდება. ეკონომისტის შეფასებით, ასეთი მდგომარეობის გახანგრძლივება ლარზე წნეხს გაზრდის, რასაც ინფლაციური პროცესები მოჰყვება.

„ბოლო 2 თვის განმავლობაში ვხედავთ, რომ ცალსახად მნიშვნელოვანი და მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია გვაქვს. ეს თავის თავად გამოწვეულია არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობიდან. იმიტომ, რომ ეკონომიკური აგენტები ქვეყანაში ცდილობენ გარკვეული ბუფერები შეიქმნან. ამით იზრდება მოთხოვნა დოლარზე და თავის თავად ეს უკვე პირდაპირ პროპორციულია ლარის კურსის გაუფასურებასთან. დაახლოებით 2,6-დან 2,8-ს გასცდა ჩვენი ლარის კურსი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი უკუსვლაა. რაც შეეხება ზოგადად ტენდენციას, თუ მსგავსი ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა გაგრძელდა კიდევ მოკლევადიან პერიოდში, თუნდაც საშუალოვადიან პერიოდში, თავის თავად კიდევ უფრო მეტი წნეხი იქნება ლარის კურსზე, რაც თავის თავად მერე ნელ-ნელა გადაიზრდება ინფლაციურ პროცესებში“, - აცხადებს დავით კიკვიძე.

ლარის გაუფასურების ტენდენციის გასანეიტრალებლად ეროვნულმა ბანკმა მსხვილი ინტერვენციები განახორციელა. ეკონომისტი დავით კიკვაძე „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ ეროვნულ ბანკს პროცესის სამართავად სხვა მექანიზმი არ გააჩნია და ლარის კურსის მორიგი ვარდნის შემთხვევაში მოსალოდნელია რეზერვებიდან დოლარის მორიგი გაყიდვა.

„ლარის კურსის გაუფასურების ფუნდამენტური მიზეზი არ არსებობდა და მიზეზი იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესები და ეკონომიკური აგენტების არაპროგნოზირებადი ქმედებები. ზუსტად ამის გამო, ეროვნული ბანკი იძულებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ინსტრუმენტი გამოეყენებინა. ეს არის ინტერვენციები. სხვა ინსტრუმენტი რეალურად ეროვნულ ბანკს ლარის კურსთან მიმართებაში არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, მომავალშიც თუ პროცესები ანალოგიურად გაგრძელდა, ეროვნული ბანკი ლარის კურსის დასასტაბილურებლად სხვა ვერაფერს იზამს და ისევ ინტერვენციების გამოყენება მოუწევს. სხვა ბერკეტები რეალურად არ გააჩნია. თავისით ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში ვერ გასწორდება. თავისით ლარის კურსის დამაბალანსებელი უცხოური ვალუტის ნაკადი არ გაჩნდება. ვხედავთ, რომ ინვესტიციები ნულს უტოლდება. ტურიზმი დაახლოებით ანალოგიურ მდგომარეობაშია“, - აცხადებს დავით კიკვიძე.

ეკონომისტის განცხადებით, დღეს ქვეყანაში უცხოური ვალუტა მხოლოდ ემიგრანტების გზავნილებით შემოდის, რაც ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა. დავით კიკვაძე განმარტავს, რომ გზავნილები მაკროეკონომიკურ პარამეტრად არ მიიჩნევა.

„დოლარის ერთადერთი დარჩენილი ნაკადი საქართველოში ეს არის გზავნილები. ეს არის დიდი სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ქვეყანა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საერთაშორისო გზავნილებზე, ჩვენს ემიგრანტებზე, რაც არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა. ლარის კურსის სტაბილურობის ფუნდამენტური მაჩვენებლების გაუმჯობესების პერსპექტივა ნამდვილად არ გვაქვს უახლოეს პერიოდში. შესაბამისად, თუ გაგრძელდა ლარის კურსის გაუფასურება თავის თავად ეროვნულ ბანკს ისევ და ისევ მოუწევს ინტერვენციების გამოყენება“, - აცხადებს დავით კიკვიძე.