ლარის კურსი გამყარებას განაგრძობს. დღეს Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.50-იან ნიშნულს ჩამოსცდა, ეროვნული ბანკის მონაცემებით კი 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5019 ლარი გახდა.
ლარის გამყარების მიზეზებზე და მოლოდინებზე „კომერსანტთან“ საბანკო სფეროს ექსპერტმა ლია ელიავამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლარის კიდევ უფრო გამყარებაა მოსალოდნელი.
„ლარი სავარაუდოდ კიდევ უფრო გამყარდება. საქართველოში კურსის გამყარება დამოკიდებულია ვალუტის შემოდინებაზე. კომერციულ ბანკებს რაც უფრო მეტი ვალუტა აქვთ, ლარი მით უფრო მყარი იქნება და პირიქით. შესაბამისად ვფიქრობ, რომ თუ უცხოური ვალუტის შემოდინების ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, კურსიც გამყარებას გააგრძელებს.
მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორებიც. მაგალითად, დოლარი დევალვაციას განიცდის და ეს მოქმედებს სხვა ვალუტებზეც, მათ შორის აძლიერებს ლარს. დოლარის სიმყარე საფრთხის ქვეშაა და ამაზე შტატებშიც საუბრობენ“, - აღნიშნა ლია ელიავამ.
26 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.27 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5019 ლარი გახდა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 10 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.4687 ლარი იყო.