ქართული ფინტექკომპანია Kursi.ge პლატფორმაზე ახალი ფინანსური პროდუქტების დამატებას გეგმავს. სავალუტო კონვერტაციის გარდა, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი  სესხების, გადარიცხვებისა და სხვა ფინანსური მომსახურებების მიღება გახდება. ახალი სერვისების განვითარება სხვა ფინტექკომპანიებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით იგეგმება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი აგლაძემ „ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა, მიზანი პლატფორმის მრავალფუნქციურ ფინანსურ სივრცედ ჩამოყალიბებაა, სადაც მომხმარებლები სხვადასხვა მომსახურებით ერთიანი ციფრული არხის საშუალებით ისარგებლებენ.

პარალელურად, Kursi.ge საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებისთვისაც ემზადება. სომხეთსა და ცენტრალურ აზიაში ბაზარზე შესვლის პროცესი დასკვნით ეტაპზეა, თუმცა გამოწვევად ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნები და ლიცენზირების საკითხები რჩება.

„ობიექტურად რომ შევაფასოთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით სტარტაპმეგობრულია და აღნიშნულ საკითხში ყველა კრიტერიუმით წინ არის“, - აღნიშნა აგლაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული KURSI.GE არის ვალუტის ონლაინ კონვერტაციის პირველი პლატფორმა, რომელიც ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა. KURSI.GE მომხმარებლებს ვალუტის კონვერტაციას ჯიხურის კურსით სთავაზობს.

სტარტაპი GITA-ს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

bp.ge