კრიპტოკაპიტალიზაცია 10 თვეში $1 ტრლნ-ზე მეტით შემცირდა და 2.18 ტრილიონ დოლარი შეადგინა. CoinMarketCap-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ბაზრის საერთო ღირებულება 4.08%-ით დაეცა. გაუფასურება შეეხო წამყვან კრიპტოვალუტებსაც, მათ შორის ბიტკოინსა და ეთერიუმს. ბიტკოინის ფასი დაახლოებით 65 000 დოლარის ფარგლებშია, რაც 2025 წლის ოქტომბერში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს, 126 198 დოლარს, თითქმის 49%-ით ჩამორჩება. 

ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ბიტკოინის ისტორიის ფონზე. პირველი კრიპტოვალუტა 2009 წლის იანვარში გაეშვა და თავდაპირველად მისი ღირებულება ერთ ცენტზე ნაკლები იყო. 2010 წლის 22 მაისს კი ბიტკოინით ერთ-ერთი პირველი ცნობილი კომერციული ტრანზაქცია განხორციელდა: პროგრამისტმა ლასლო ჰანიეცმა ორი პიცის სანაცვლოდ 10 000 ბიტკოინი გადაიხადა. ეს თარიღი კრიპტოსაზოგადოებაში ბიტკოინის პიცის დღედ აღინიშნება.

დღევანდელი ფასით, იმავე 10 000 ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 650 მილიონ დოლარს შეადგენს. 2025 წლის ოქტომბერში, როდესაც ბიტკოინმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, მათი ღირებულება დაახლოებით 1.26 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა. შესაბამისად, ერთ წელზე ნაკლებ დროში ამ კრიპტოაქტივის ღირებულება თითქმის განახევრდა.

ბიტკოინის ფასის ვარდნა კრიპტობაზრის საერთო კლების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჟამად ციფრული აქტივების ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია მკვეთრად ჩამორჩება 2025 წლის ოქტომბრის ისტორიულ პიკს, რაც ბაზარზე არსებული გაუფასურების მასშტაბს აჩვენებს.