ექსპერტების ვარაუდით, ბიტკოინის ღირებულება წლის ბოლომდე შესაძლოა 150 000 დოლარამდე გაიზარდოს.
თუმცა, „ტრეიდინგ ჰაბის“ დამფუძნებლის, რატი ქირიას თქმით, ხშირად კრიპტოს ფასის ზრდა დამწყები ტრეიდერების მოლოდინებს არ ემთხვევა: როცა ბაზარზე კრიპტოვალუტის ღირებულების გაზრდაა ნავარაუდები, ამ დროს როგორც წესი, ფონდები საწინააღმდეგოდ იქცევიან და ცდილობენ ლიკვიდურობა მოხსნან, რათა კიდევ უფრო დიდი მოგება მიიღონ.
,,მარტივად რომ შევაფასოთ, ბევრი წლის დაკვირვების შედეგად, მივიღეთ ძალიან საინტერესო და ცოტა უცნაური დასკვნა, რომ სექტემბერში ყოველთვის არის ბირჟების საკმაოდ დიდი კორექცია. ვიღაცებს როცა ჰგონიათ ხოლმე, რომ ფასის ზრდები ძალიან სწრაფად და უცბად იქნება, ამ დროს დიდი მოთამაშეები საპირისპიროდ დებენ გარიგებებს, რომ რაც შეიძლება დიდი იმედგაცრუება გამოიწვიონ ბირჟებზე და კრიპტოზეც იგივე მომენტი იყო.
მარტივი სისტემაა: როცა მოსახლეობა ელოდება, რომ ბიტკოინის ფასი ძალიან უნდა გაიზარდოს, ამ დროს ხდება საწინააღმდეგო გარიგებები ფონდების მხრიდან, რათა შესყიდვების რაოდენობა გადაწონონ, ლიკვიდურობა მოხსნან და კიდევ უფრო მეტი მოგება მიიღონ. გასაოცარი და ახალი არაფერია იმაში, რომ ფონდები ყიდიან, რადგან როცა შესაბამისი მომენტი დგება, ერთი იმდენი იყიდონ. როგორც ტრეიდინგში ვამბობთ, ამ მომენტში ზუსტად ის 95% აგებს, ვისაც ჰგონია, რომ დღესვე იწყება ეს პროცესი. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელსაც უნდა მიჰყვე ემოციების გარეშე, არ უნდა აჰყვე სპეკულაციებს",- ამბობს ქირია "კომერსანტის ეთერში.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად 5 დიდი კომპანია სების ლიცენზიას ელოდება.
რაც შეეხება კრიპტობირჟის რეგულაციებს, მთავარია ახალმა შეზღუდვებმა კრიპტოკომპანიებს მუშაობა არ გაურთულონ.
,,მინიმუმ 5 საკმაოდ დიდი კომპანია ვიცი, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკისგან ლიცენზიას ელოდებიან, რათა საქართველოში მუშაობა დაიწყონ. ვგულისხმობ კომპანიებს, რომლებიც მინიმუმ მსოფლიოს 20-ეულში მაინც შედიან.
რეგულაციების მომხრე ვარ, მაგრამ რეგულაციებმა კრიპტოკომპანიებს მუშაობა არ უნდა შეუზღუდოს. რაღაც დოზით ყველა ეროვნული ბანკი არეგულირებს კრიპტკომპანიებს",- აღნიშნა „ტრეიდინგ ჰაბის“ დამფუძნებელმა, რატი ქირია.