დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი ლაშა ნიკოლაძე 2024 წელს დადებით აფასებს, თუმცა ასევე ამბობს, რომ ახალი დაზღვეულების მნიშვნელოვანი ზრდა აღარ არის. მისი შეფასებით, ამ მიზნის მისაღწევად სავალდებულო კომპონენტების მიღებაა აუცილებელი, რომელთა შორის შედის დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა.

bmg-თან საუბრისას ნიკოლაძე ამბობს, რომ კერძო სექტორი სახელმწიფოსთან კოლაბორაციით უნდა განვითარდეს.

„2024 წელი ბევრად უკეთესი იყო ვიდრე წინა წლები, თუმცა შეღწევადობა სამედიცინო დაზღვევაში და კასკოში პრაქტიკულად არ გვაქვს. ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელებულია. თუკი სამედიცინო დაზღვევაზე ვილაპარაკებთ იყო წლები, როდესაც 50-60 ათასი ადამიანი ემატებოდა წლის ჭრილში და ახლა 25 ათასია ზრდა, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ კითხვას, - ხომ არ არის დრო, დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა შემოვიღოთ, რომელიც საყოველთაო დაზღვევასაც გარკვეულ ხარჯებს შეუმსუბუქებდა? ამასთან ის საშუალებას მისცემდა სადაზღვევო კომპანიებს ჰოსპიტალური და სხვა სერვისები DRG განფასებებით ან მასთან დაახლოებული ფასებით მიეღო. მოგეხსენებათ რომ სამედიცინო ინფლაცია 13-15%-ია რაც გამოწვეულია იმით, რომ სამედიცინო სერვისების ფასები გაძვირდა. პრაქტიკულად იგივე რაოდენობის ადამიანებს უწევთ იგივე სერვისებში მეტი თანხის გადახდა რაც წინა წლებში იყო.

რაც შეეხება კასკოს, აქ ყბადაღებულ 7%-იან შეღწევადობას ვერ გადაშორდა ინდუსტრია და ჩვენ ველოდებით მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას, რომელიც მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ბაზარს ისე, როგორც სხვა ქვეყნებში იყო. ასევე საბანკო-სადაზღვეო კომპანიებთან მიმართებით ველოდებით გარკვეულ ნაბიჯებს ეროვნული ბანკის მხრიდანაც.

რაც შეეხება 2025 წლის მოლოდინებს, დღევანდელი ტურბულენტობიდან გამომდინარე რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა ქართული სადაზღვევო მენეჯმენტი ჩემი შეფასებით, ძალიან მაღალ დონეზეა ასული და იმსახურებს, გაცილებით მეტი ნდობა და მხარდაჭერა მოიპოვოს სახელმწიფოს მხრიდან. სექტორი უნდა გამსხვილდეს და დარწმუნებული ვარ ასეთ ამოცანას თავს წარმატებით გაართმევენ, ამიტომ დაველოდებით სახელმწიფოს მხარდაჭერას, რომელიც მათ შორის სავალდებულო დაზღვევაში იქნება გამოხატული, სხვა შემთხვევაში პროგნოზირების გაკეთება ძალიან გაჭირდება,“ - განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

ამ დროისთვის სექტორის წლიური შედეგები დაჯამებული არის, 9 თვის მონაცემებით კი კომპანიებმა 243 მილიონი ლარის სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 115 მილიონი ლარი შეადგინა, ეს თანხა გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾63 მლნ) 1.8-ჯერ აჭარბებს.

მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობით დაზღვევის შემდეგი 5 სახეობა ლიდერობს:

სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა - ₾428 მლნ;

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა - ₾192 მლნ;

ქონების დაზღვევა - ₾111.8 მლნ;

სიცოცხლის დაზღვევა - ₾81.2 მლნ;

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - ₾61.7 მლნ.

ამასთან, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 532 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 451 მილიონ ლარს.

ქვეყანაში სულ 19 სადაზღვეvო კომპანია ოპერირებს.

bm.ge