ივნისში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა და 0.6% შეადგინა. 

ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, ამის მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასების სტაბილურად კლება და საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულების შემცირებაა.

„ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს.

ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული და შერეული ინფლაციის კლება განაპირობებს.

იმპორტული ინფლაციის შემცირებას, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს.

ივნისში წლიური ინფლაციის შემცირება დიდწილად საწვავის, მზესუმზირას ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა“, - ნათქვამია ანგარიშში.