ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2026 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირების ტენდენციას გააგრძელებს და 2026 წელს საშუალოდ 4.9 პროცენტი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზრდა მეტწილად ენერგორესურსების ფასების მნიშვნელოვანმა მატებამ განაპირობა. აღნიშნული ინფლაციური წნეხი ძირითადად საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული და საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების მაღალი მერყეობისა და მიწოდების შეფერხებების შედეგს წარმოადგენს.

ამავდროულად, შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები, რომლებიც გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს უკეთ ასახავენ, ბოლო პერიოდში მცირედით დაჩქარდა. კერძოდ, მაისში საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) 3.5 პროცენტი, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება მთლიან ინფლაციას, თუმცა მათი დინამიკა მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერების რისკებს საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. მეორე მხრივ, ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების მნიშვნელოვანი კორექცია მოხდა. აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ გაზრდილი ოპტიმიზმის ფონზე, ნავთობის საერთაშორისო ფასები პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა.

აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან თანხვედრაშია. კერძოდ, ცენტრალური სცენარი მოიაზრებდა, რომ ინფლაციაზე საგარეო შოკით გამოწვეული ზეწოლა ყველაზე ძლიერი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში იქნებოდა, რის შემდეგაც მისი გავლენა ეტაპობრივად შესუსტდებოდა“, - წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.