ფინანსისტი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის განახლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქვეყნის ფინანსური მდგრადობისთვის.
ირაკლი კოვზანაძე აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობებში არსებული პრობლემების მიუხედავად, კომპრომისის გამონახვა მაინც შესაძლებელი უნდა იყოს. ამასთან, კოვზანაძე იმედს გამოთქვამს, რომ ვაშინგტონში აპრილის ბოლოს დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრებში IMF-სა და საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული შეხვედრები გაიმართება.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფონდთან ახალი პროგრამის ქონა ქვეყანას საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რესურსის მარტივად მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.
"ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ განვაახლოთ თანამშრომლობა სავალუტო ფონდთან. შარშანაც ვთქვი, რომ სასურველია IMF-თან ახალი პროგრამის დაწყება და თანამშრომლობა. ამ მიმართულებით იცით, რომ პრობლემები არსებობს. არსებობს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან, არის საკითხები რომლებიც დაკავშირებულია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან. ეს საკითხები არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მოიძებნოს კომპრომისი, როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე სავალუტო ფონდის მხრიდან. ამ თვალსაზრისით არის კარგი შესაძლებლობა - აპრილის ბოლოს ვაშინგტონში იმართება წლიური შეხვედრები და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდს და ეროვნულ ბანკს აქვს საკმაოდ კარგი შესაძლებლობა, რომ განაახლონ ურთიერთობები სავალუტო ფონდთან და მიაღწიონ იმას, რომ პროგრამა ან განახლდეს ან შესაძლებლობა იყოს, რომ სავალუტო ფონდიდან საჭიროების შემთხვევაში მიიღონ სესხი, რომ როგორც ადრე იყო საქართველოს ეროვნულ ბანკს შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ფინანსური რესურსი რეზერვების გაზრდისთვის. მოგეხსენებათ, რომ რეზერვები შეგვიმცირდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში მთლიანი რეზერვები არის დაახლოებით 25%-ით შემცირებული. გამომდინარე აქედან ნეტო რეზერვების გაზრდაც იქნება საჭირო", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მისია საქართველოში 2025 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა. შეხვედრები 4 თებერვლამდე გაგრძელდა. პრესრელიზი ფონდის თანამშრომლების საქართველოში ვიზიტამდე მივიღეთ, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფონდის თანამშრომლები შეხვედრებს გამართავდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. ამ შეხვედრების მიზანი ქვეყნის მაკროეკონომიკური პერსპექტივების შეფასება და მთავრობის ეკონომიკური გეგმების განხილვა იყო. ფონდის მიერ, ვიზიტამდე გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით ეწერა, რომ ეს ვიზიტი IMF-ის პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ითვალისწინებდა.
IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.
2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.
კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.