ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება IMF-თან ახალი პროგრამის შეთანხმების თაობაზე, პირველ რიგში ეს უნდა მოხდეს იმ რეფორმებზე შეჯერებით, რომელთა განხორციელებაშიც მთავრობა მიიჩნევს რომ IMF-ის დახმარება სასარგებლო იქნება. ამის შესახებ კაკაურიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, ფონდის ტექნიკური მისია მაისის ბოლოს ეწვევა საქართველოს, თუმცა ამ მისიის მიზანს ქვეყნის ეკონომიკის შეფასება წარმოადგენს და ახალი პროგრამის შეთანხმებაზე საუბარი ახლა არ იქნება.

"პროგრამის მოთხოვნა კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ამაზე ადრეც გავაკეთე კომენტარი, თვითმიზანი არ არის. ჩვენ ველოდებით მისიას უკვე მაისის ბოლოს ჩამოდის, მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში, სადაც განვიხილავთ ეგრეთ წოდებული მეოთხე მუხლის მიმოხილვა იქნება, შეაფასებს ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში, პროგნოზებს, ასევე გავივლით იმ შესაძლო რეფორმებს, რაც შეიძლება ჩვენს დღის წესრიგში დადგეს.

ამის შემდეგ, როცა გავაანალიზებთ თუ რა რეფორმებზე შეიძლება დაეფუძნოს ახალი პროგრამა. არც წინა პროგრამა და არც იმის წინა პროგრამა, არ გვქონია ფულისთვის. არც ახალი პროგრამა არ გვექნება ფულისთვის. მოგეხსენებათ IMF-დან არაერთი პროგრამა ისე დავასრულეთ, რომ თანხის წამოღებაზე ჩვენ არ გვქონია საუბარი, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი აქ რეფორმების ნაწილი იყო და რეფორმებში მათი მხარდაჭერა.

შესაბამისად, ახლა ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს დღის წესრიგი რეფორმების, ამ მისიის შემდგომ ალბათ შეიძლება გამოიკვეთოს რაღაც მიმართულებები, რომელზეც შეიძლება დაეფუძნოს პროგრამა. შესაბამისად, სანამ არ იქნება ეს მეოთხე მიმოხილვის მისია დასრულებული, სანამ არ დასრულდება, მანამდე პროგრამაზე საუბარი არის ნაადრევი. ამის შემდგომ უკვე უნდა ჩამოვყალიბდეთ კონკრეტულ რეფორმებზე და ამ რეფორმებს უნდა დაეფუძნოს პროგრამა.

თუ იქნება რეფორმები ისეთი, რომელიც დღის წესრიგში დადგება და გასაკეთებელი იქნება და დაგვჭირდება ამაში სავალუტო ფონდის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა მოვითხოვთ. თუ არ დაგვჭირდება, შეიძლება წელს არ მოვითხოვოთ და მოვითხოვოთ იმ პერიოდში, როცა ამ რეფორმების განხორციელება დაიწყება. ჯერ უნდა გამოიკვეთოს რა მიმართულების უნდა განვახორციელოთ რეფორმები, სად არის ის ნაკლოვანებები, სადაც შეიძლება, რომ რეფორმები აუცილებლად გასაკეთებელი იყოს ქვეყანაში,"- განაცხადა კაკაურიძემ.

IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.

2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.

კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.

bm.ge