ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში პროდუქციის ფასებზე გავლენას გლობალური პროცესები ახდენს, თუმცა მთავრობა იმედოვნებს, რომ ვითარების დასტაბილურება ფასების შენარჩუნების შესაძლებლობას მოიტანს.
bm.ge-მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იკითხა, როგორია ირანის ომის და საწვავის ფასის მერყეობის ფონზე ფასებზე ასახვის მოლოდინი და ასევე "ფასების საპარლამენტო კომისიის" შუალედური შედეგები.
"გლობალური პროცესები ფასებზე ახდენს ხოლმე გავლენას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე დასტაბილურდება ვითარება, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ სხვადასხვა პროდუქტზე ფასები.
ჩვენ, რაც შეეხება ჩვენს ნაწილს, კომისიის მუშაობას, მთავრობის მუშაობას, გვაქვს საკმაოდ საინტერესო შედეგები და იმედი გვაქვს, ამის ხარჯზე მოვახერხებთ ფასების შენარჩუნებას და სრულყოფას", - განაცხადა კობახიძემ bm.ge-ს კითხვის პასუხად.
"ფასების საპარლამენტო კომისიაზე" დღეს საცალო ქსელების: „კარფურის“, „ნიკორას“, „ორი ნაბიჯისა“ და „დეილი ჯგუფის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს.
სხდომაზე ქსელების წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროდუქციის განთავსებაზე, მომწოდებლებთან ურთიერთობაზე და მარკეტინგულ ხარჯებზე. ასევე აღნიშნეს, რომ „რეტრო ბონუსი“ („ქეშბექი“) პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასის შემცირებისთვის გამოიყენება და მისი გაუქმება ფასებზე გავლენას არ მოახდენს.