ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, რომ მარეგულირებელი, საბჭოს არსებული შემადგენლობით, წარმატებით აგრძელებს მუშაობას.

„სებ-ის არსებულ საბჭოში ჩვენ გვაქვს ქვორუმი, ხოლო სანამ ქვორუმია, სებ-ის საბჭო უმოქმედო არ იქნება. საბჭოს ეფექტურობისთვის სრულად დაკომპლექტება მნიშვნელოვანია, თუმცა უმოქმედობის რისკები არ არსებობს.

არსებობს სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ფონდის კონკრეტული რეკომენდაცია, რომ ორი წევრით კიდევ გაიზარდოს სებ-ის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ანუ შესაძლებელია, 6 წევრი იყოს. არსებული საბჭო ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ბუნებრივია, ძალიან გვინდა, რომ დროულად იყოს დაკომპლექტებული საბჭო. 

ვთვლი, რომ ეროვნული ბანკი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა დატოვა პოსტი და არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს მის მოვალეობას, საკმაოდ წარმატებული, ეფექტური შემსრულებელია მისი მოვალეობის“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ პოსტზე კანდიდატურები წარადგინა, თუმცა „ქართული ოცნება“ მათ მხარდაჭერას არ გეგმავს. მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე საბჭოს კიდევ ორ წევრს გასდის უფლებამოსილების ვადა.