„გარკვეულ თვეებში შესაძლოა ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდეს,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
პარლამენტში სებ-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა.
„2022 წელს ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაც იყო. გაძვირებული ენერგორესურსებისა და სასაქონლო პროდუქციების ფასებმა გლობალურად ინფლაცია მკვეთრად გაზარდა და რიგ ქვეყნებში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გლობალური ინფლაციური ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც მალევე გადმოეცა და ფართო მოხმარების პროდუქტებზე, როგორებიცაა საწვავი და სურსათი ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლის დასაწყისში ინფლაციური მოლოდინების გაღვივებასა და ფასების ზრდას, ომის საწყის ეტაპზე ლარის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი. შედეგად, ინფლაციის შემცირების ომამდე მოსალოდნელი ტრენდი შენელდა და გასული წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
თუმცა, ინფლაციას წლის განმავლობაში შემცირების ტენდენცია მაინც ჰქონდა და დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 9.8%-მდე შემცირდა. წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბაზარზე საქონლის ფასების სტაბილიზაციის და ტრანსპორტირების ღირებულების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. ამასთან ერთად, იმპორტირებულ ინფლაციას ძლიერი საგარეო მოთხოვნისა და გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსის შედეგად გამყარებული გაცვლითი კურსიც ამცირებდა. ინფლაციის კლებად ტენდენციას ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედებაც უწყობდა ხელს. ამ ტენდენციების ფონზე მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუხლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა, მაშინ როცა გლობალურად ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.
წელს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება, 2024 წლის განმავლობაში კი მიზნობრივთან ახლოს,“ - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.