ეს არის მწვერვალი, რასაც ფინანსურ სექტორში შემიძლია მივაღწიო - ასე ახსნა, ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ეკატერინე ღაძაძემ საკუთარი მოტივაცია, რატომ სურს ცენტრალურ ბანკში მუშაობა.

ეკატერინე ღაძაძის ბოლო სამუშაო გამოცდილება 5 წლით აუდიტის სამსახურში მთავარი აუდიტორის მოადგილეობაა.

"ვთვლი, როგორც ფინანსისტის, პროფესიონალის, ამ დარგში საკმაოდ დიდხანს მოღვაწე ადამიანისთვის ამაზე მეტად საინტერესო სამსახური არ არსებობს. ეს არის მწვერვალი, რასაც ფინანსურ სექტორში შემიძლია მივაღწიო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი რესურსი, რომელიც მაქვს მოვახმარო საქართველოს ფინანსური სექტორისთვის უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციას. დარწმუნებული ვარ, რომ რესურსი, ცოდნა და გამოცდილება გამაჩნია", - თქვა ღაძაძემ.

მისი თქმით, აუდიტის სამსახურსა და სებ-ს შორის არსებობს საერთო, რომ ორივე კონსტიტუციური დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ამიტომ, მისთვის ეს არ იქნება უცხო სფერო.