სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა ძალიან ნათელია, რომ ეს კანონი შინაარსით რუსული კანონია, ვინაიდან ამ გზით რუსეთმა შეძლო რეალურად ჩაეხშო სამოქალაქო საზოგადოება, რასაც აქ მთავრობა ცდილობს. ცდილობს, რომ საქართველოს პარტნიორები როგორ რევოლუციის პარტნიორები წარმოსახოს, როგორც ისინი, ვინც მთავრობის დამხობას ცდილობს, და ძალიან ჩუმად არიან რუსეთთან დაკავშირებით, თითქოს ის დღეს ჩვენი მეგობარია.

ასე რომ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ პრობლემა რუსული მთავრობაა, რომელიც მიდრეკილია რუსეთისადმი დათმობები გააკეთოს და ამ ქვეყნის ორიენტაცია რუსეთისკენ შეატრიალოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას, რომ არსებობს შესაძლო კომპრომისის შესაძლებლობა, რომელიც დააკმაყოფილებდა დემონსტრანტებს, ისევე როგორც მმართველ პარტიას, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის ასეთ შესაძლებლობას ვერ ხედავს.

“არა მგონია, რომ ის არსებობს [შესაძლო კომპრომისი], ვინაიდან კომპრომისი კანონის გაწვევა იყო. ეს ერთხელ მოხდა და მათ კვლავ წარადგინეს ის, და ამავდროულად სხვა რამდენიმე კანონი მიიღეს, მათ შორის ისეთი, რომელიც საქართველოს ოფშორად ხდის რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებიც დასანქცირებულები არიან.

ასე რომ, ეს ყველაფერი უკიდურესად სანერვიულოა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სწორად უნდა შეაფასონ ის, რაც აქ ხდება, და დაინახონ, რომ დღეიდან არჩევნებამდე ძალიან სახიფათო გზაა, ძალიან სენსიტიური გზაა არჩევნებამდე, სადაც ქართველ ხალხს შეეძლება თქვას ის, რისი თქმაც სურს. ყურადღება გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.



ipn.ge