საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყანაში მოქმედი წამყვანი აუდიტორული ფირმების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა კომერციული იპოთეკით დაცული ობლიგაციების ემისიის პროცესში აუდიტორული ფირმების როლს დაეთმო. არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკი ვალდებულია, დანიშნოს აუდიტორული ფირმა, რომელიც იპოთეკური ობლიგაციების უზრუნველსაყოფად გამოყენებული აქტივების მონიტორინგს განახორციელებს. კანონის თანახმად, უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი უნდა იყოს აუდიტორული ფირმა, რომელსაც საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნია.

შეხვედრის ფარგლებში, აუდიტორული ფირმების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია კომერციული ბანკების მიერ იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით აუდიტორების ფუნქციებისა და როლის შესახებ. მსგავსი ხასიათის შეხვედრები ბაზრის მონაწილეთა (როგორც კომერციული ბანკების, ისე აუდიტორული ფირმების) მიერ კაპიტალის ბაზარზე ახალი პროდუქტის დანერგვის პროცესში ხელშემწყობი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეტაპზე იპოთეკური ობლიგაციების დანერგვისათვის მზადების პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული, რის საფუძველზეც კომერციული ბანკები ქართულ ბაზარზე ახალი ტიპის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

ინფორმაცია სებ–ი ავრცელებს