საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა. სებ-მა 500 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 7 ტონა ოქრო მარტსა და აპრილში იყიდა, რომელსაც საქართველოში, ეროვნული ბანკის საცავში განათავსებენ. ამ დროისთვის ოქრო სავალუტო რეზერვების 11%-ს შეადგენს.

მარტის მონაცემებით, საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 4.77 მილიარდ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება ოქროს რეზერვებს, 31 მარტის მდგომარეობით ეროვნული ბანკი ფლობდა 332 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს, შესაბამისად დამატებით 168 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს შესყიდვა აპრილის პირველ კვირაში მოხდა.

სპეციალისტების შეფასება

საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიცირებას ეკონომისტების და ფინანსისტების უმრავლესობა მიესალმება. როგორც Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა, ლაშა ქავთარაძემ „კომერსანტთან“ განმარტა, სებ-ის საერთაშორისო რეზერვებში ოქროს კომპონენტის შემოტანა მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეზერვებს დივერსიფიცირებულს ხდის.

„ვფიქრობ ეს კარგია, რადგან ოქრო არის ერთ-ერთი ყველაზე ლიკვიდური აქტივი, რომელზეც მოთხოვნა მაღალია და ვფიქრობ, რომ ამ მეტალზე მზარდი მოთხოვნა შემდგომ პერიოდებშიც შენარჩუნდება. საერთაშორისო რეზერვების პორტფელის დივერსიფიცირებისთვის აშშ დოლარი მნიშვნელოვანი ვალუტაა, თუმცა არის პერიოდები, როცა დოლარის პოზიციები სუსტია. ოქრო არის ისეთი აქტივი, რომელიც ყველა ვალუტაში იყიდება და მისი ფასი იმ შემთხვევაშიც იზრდება, როცა დოლარი სუსტდება სხვა ვალუტებთან მიმართებით“, - ამბობს ლაშა ქავთარაძემ.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, ეროვნული ბანკის მხრიდან ოქროს შეძენით რეზერვების დივერსიფიცირება სწორი ნაბიჯია. მისი აზრით, რაც უფრო მეტად იქნება პორტფელი დივერსიფიცირებული, მით მეტად იქნება ის დაცული სხვადასხვა შოკებისა და სავალუტო რყევებისგან.

„ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ცენტრალურ ბანკებს სჩვევიათ ხოლმე, პორტფელის დივერსიფიცირებას ახდენენ, რაც მისასალმებელია. ცენტრალურ ბანკებში ოქროთი დივერსიფიცირება დიდი ხნის პრაქტიკაა და საშუალოდ 18-20%-ის ფარგლებში მერყეობს.

რაც უფრო მეტად იქნება პორტფელი დივერსიფიცირებული, მით მეტად დაცული იქნება სხვადასხვა შოკებისგან და სავალუტო რყევებისგან. თუმცა ფაქტია, რომ ადრეც შეიძლებოდა ამის გაკეთება“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

„ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის აზრით, ქაღალდის ვალუტების მკვეთრი გაუფასურების ფონზე ლარის სიმყარის უზრუნველსაყოფად მოსაფიქრებელია ახალი ინსტრუმენტი და ეს არის ოქრო.

„ოქრო მნიშვნელოვანი აქტივია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ლარის სტაბილურობის მისაღწევად. მეტიც, მე ვამტკიცებ, რომ ლარი ოქროზე უნდა იყოს მიბმული და, საერთოდ, ბიუროკრატია და პოლიტიკა არ უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი, ოქრო უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი. მე მგონია, რომ ამაზე უკვე დაიწყეს ფიქრი, რადგან რამდენიმე გადაწყვეტილება უძღოდა წინ ამ შესყიდვას. რამდენიმე ხანია გაცვლითი კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილურია და ცდილობენ, რომ გაყიდონ და იყიდონ უცხოური ვალუტა, რომ გაცვლითი კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყოს. მეორე - ამას წინათ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეროვნულმა ბანკმა თვითონ დაიწყო ოქროს ზოდების გაყიდვა. ესეც მნიშვნელოვანი სიმპტომია“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ 500 მილიონი დოლარის ოქროს შესყიდვა შეცდომაა, რადგანაც ის სებ-ის სავალუტო რეზერვების ლიკვიდურობას ამცირებს.

„ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება არის შეცდომა. საერთაშორისო რეზერვების ფორმირების ერთ-ერთი მთავარი წესი არის მისი მაღალი ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, ანუ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოახდინოს მისი გაყიდვა საერთაშორისო ბაზარზე. ოქრო არ არის ასეთი მაღალლიკვიდური საქონელი, თუ ეროვნული ბანკის რეზერვების ფუნქციის კუთხიდან შევხედავთ.

ეროვნული ბანკი უცხოეთის ფასიან ქაღალდებში და საბანკო ანგარიშებზე ათავსებდა თავის რეზერვებს, რასაც სტაბილურად მოჰქონდა შემოსავალი. ოქრო ამ მხრივ ეროვნული ბანკის საცავში მკვდარი მარაგია. არც ისაა კარგი, რომ მოხდება მისი ჩამოტანა საქართველოში. ეს იმითაა გამოწვეული, რომ უცხოეთის საცავებში მისი შენახვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ოქროს შენახვის რისკები და ხარისხი უცხოეთის ბანკებში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.

ზოგადად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის, რომლის უცხოური ვალუტის რეზერვები არის მცირე და ძირითადად გამოიყენება საგარეო ვალდებულებების მომსახურებისათვის და ლარის კურსის შესანარჩუნებლად, ამ მოცულობის ოქროს შეძენა არ არის მიზანშეწონილი. ეს გადაწყვეტილება სარისკო და პოპულიზმის ელემენტების შემცველია“, - ამბობს რომან გოცირიძე.

ქვეყნები, რომლებიც ოქროს რეზერვებს ფლობენ

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ცენტრალური ბანკები ათასობით ტონა ოქროს რეზერვებს ფლობენ. გლობალური ოქროს საბჭოს (WGC) სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტ ოქროს ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა ფლობს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 613 მილიარდი დოლარია. მეორე ადგილზეა გერმანია 3,353 ტონა ოქროს რეზერვით, მესამეზე კი 2,452 ტონით იტალიაა. რეიტინგში 7 ტონა ოქროთი საქართველო 74-ე ადგილს იკავებს. 

ქვეყანა

ოქროს რეზერვები

ღირებულება დოლარში, მიმდინარე ფასში

ამერიკის შეერთებული შტატები 8,133 $613,732,558,072
გერმანია 3,353 $252,983,411,835
იტალია 2,452 $185,010,319,739
საფრანგეთი 2,437 $183,888,263,057
რუსეთის ფედერაცია 2,333 $176,023,302,201
ჩინეთი 2,235 $168,677,490,636
შვეიცარია 1,040 $78,476,055,749
იაპონია 846 $63,834,989,310
ინდოეთი 804 $60,636,335,461
ნიდერლანდები 612 $46,214,096,484
თურქეთი 540 $40,761,519,765
ტაივანი, ჩინეთი 424 $31,966,164,901
პორტუგალია 383 $28,872,397,319
უზბეკეთი 371 $28,022,743,100
პოლონეთი 359 $27,065,938,881
საუდის არაბეთი 323 $24,378,133,972
გაერთიანებული სამეფო 310 $23,413,783,979
ყაზახეთი 294 $22,202,687,157
ლიბანი 287 $21,643,545,260
ესპანეთი 282 $21,247,392,094
ავსტრია 280 $21,127,414,278
ტაილანდი 244 $18,423,763,242
სინგაპური 230 $17,356,790,715
ბელგია 227 $17,159,091,421
ალჟირი 174 $13,096,446,381
ფილიპინები 165 $12,433,172,794
ვენესუელა 161 $12,165,297,796
ლიბია 147 $11,065,878,438
ერაყი 138 $10,446,370,344
ბრაზილია 130 $9,783,096,758
ეგვიპტე 126 $9,505,412,253
შვედეთი 126 $9,486,547,816
სამხრეთ აფრიკა 125 $9,463,155,915
მექსიკა 120 $9,064,739,017
საბერძნეთი 114 $8,632,366,132
სამხრეთ კორეა 104 $7,881,561,561
რუმინეთი 104 $7,818,931,631
კატარი 101 $7,617,459,450
უნგრეთი 94 $7,130,002,411
ავსტრალია 80 $6,025,301,011
ქუვეითი 79 $5,958,898,195
ინდონეზია 79 $5,928,715,096
არაბთა გაერთიანებული საამიროები 74 $5,555,953,832
იორდანია 71 $5,371,082,354
დანია 67 $5,021,712,990
პაკისტანი 65 $4,879,097,851
არგენტინა 62 $4,658,761,233
ბელორუსია 54 $4,076,227,434
ფინეთი 49 $3,698,938,705
კამბოჯა 42 $3,206,199,624
ბულგარეთი 41 $3,083,203,498
სერბეთი 40 $3,014,536,949
მალაიზია 39 $2,933,797,161
ბოლივია 35 $2,625,174,980
პერუ 35 $2,616,120,051
ეკვადორი 34 $2,548,962,657
სლოვაკეთი 32 $2,391,255,968
ჩეხეთის რესპუბლიკა 31 $2,314,289,067
უკრაინა 27 $2,041,886,604
სირიის არაბული რესპუბლიკა 26 $1,948,318,999
მაროკო 22 $1,669,125,340
ავღანეთი 22 $1,650,260,903
ყირგიზეთი 22 $1,627,623,579
ნიგერია 21 $1,612,532,030
ბანგლადეში 14 $1,060,181,330
კვიპროსი 13.9 $1,048,862,668
მავრიკი 12.4 $937,185,204
ირლანდია 12.0 $908,511,261
განა 8.7 $659,500,699
ტაჯიკეთი 8.5 $638,372,530
პარაგვაი 8.2 $617,998,939
ნეპალი 8.0 $602,907,390
მიანმარი 7.3 $548,577,813
საქართველო 7 $528,204,221
გვატემალა 6.9 $519,903,869
ჩრდილოეთ მაკედონია 6.9 $519,903,869
ტუნისი 6.8 $516,130,982
ლატვია 6.7 $502,548,588
მონღოლეთი 6.0 $455,010,208
ლიტვა 5.8 $439,164,081
კოლუმბია 4.7 $353,142,251
ბაჰრეინი 4.7 $352,387,673
მოზამბიკი 3.9 $297,303,519
ალბანეთი 3.4 $258,065,491
სლოვენია 3.2 $239,201,055
არუბა 3.1 $234,673,590
ლუქსემბურგი 2.2 $169,025,351
ჰონგ კონგი 2.1 $156,952,111
ისლანდია 2.0 $149,406,337
ტრინიდადი და ტობაგო 2.0 $147,142,605
ომანი 1.9 $141,860,562
ჰაიტი 1.8 $136,578,520
იემენი 1.6 $117,714,084
ბოსნია და ჰერცოგოვინა 1.5 $112,432,041
სურინამი 1.5 $110,168,309
სალვადორი 1.4 $103,377,112
პაპუა ახალი გვინეა 1.3 $100,358,802
მავრიტანია 1.0 $76,966,901