გალთ ენდ თაგარტის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე რადიო კომერსანტის ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ორი კომიტეტის გადაწყვეტილებებმა ერთმანეთი დააბალანსეს, კერძოდ, საუბარია როგორც რეფინანსირების განაკვეთის ზრდაზე, რომელიც ინფლაციის წინააღმდეგაა მიმართული, ისე უცხოური ვალუტისთვის სარეზერვო ნორმის 5 პროცენტით შემცირებაზე, რომელიც ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია.
“რეფინანსირების განაკვეთის ზრდას შემაკავებელი ეფექტი რომ არ ჰქონოდა ეკონომიკურ ზრდაზე ამისთვის სების მხრიდან კიდევ სხვა გადაწყვეტილება იყო მიღებული. უფრო კონკრეტულად, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სარეზერვო ნორმა უცხოური ვალუტისთვის 5 პროცენტით შეემცირებინა.
ამით ბაზარზე დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ლიკვიდობა გათავისუფლდა. შედეგად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც პირველმა კომიტეტმა მიიღო ინფლაციის წინააღმდეგ მუშაობს, ხოლო ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი ეკონომიკური ზრდის შეწყობაზე იქნება ორიენტირებული. ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილებებმა ერთმანეთი დააბალანსეს“. - აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.