„ეროვნული ბანკი უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლების შტოსგან" - ამის შესახებ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა გიორგი თაბუაშვილმა გასაუბრებაზე განაცხადა.

გიორგი თაბუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო გამოცდილების ნახევარზე მეტი საჯარო სამსახურში გაატარა, არასოდეს ყოფილა არც ერთი პარტიის წევრი, ან აქტიური მხარდამჭერი.

"ვფიქრობ, მაქვს საკმარისი კვალიფიკაცია, ჩემი საქმიანობით საკმარისი როლი შევიტანო სებ-ის საბჭოს ფუნქციონირებაში.

თუ გვინდა, გვქონდეს სწორი მონეტარული პოლიტიკა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი დამოუკიდებლობა ცენტრალურ ბანკს. ეს რა თქმა უნდა, კონსტიტუციით და ორგანული კანონითაც არის უზრუნველყოფილი, მაგრამ რეალობაში უნდა ხორციელდებოდეს იგივე დამოუკიდებლობის საკითხი. რაც შეეხება ჩემს უშუალო პოზიციას, შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამუშაო გამოცდილების ნახევარი დაკავშირებული იყო საჯარო სექტორთან, მე არასოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და მხარდამჭერი არ ვყოფილვარ. ყოველთვის ვხელმძღვანელობდი პროფესიონალიზმის პრინციპით. ვფიქრობ, რომ ამოსავალი და ყველაზე ფუნდამენტური დამოუკიდებლობაა", - განაცხადა თაბუაშვილმა.

ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას მართავს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისია გასაუბრების პროცესს დღეს დაასრულებს და გასაუბრების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის პირველ მაისამდე წარუდგენს. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.