პარლამენტის ფასების დამდგენი კომისია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას აღარ დაიქირავებს. არადა სწორედ ასე აპირებდნენ ბაზრის შესწავლას და ფასების გაიაფებას.
ეკონომისტების თქმით, "ოცნებაში" მიხვდნენ, რომ ფასები ვეღარ შემცირდება და საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება ამიტომ გადაიფიქრეს.
"აშკარაა, რომ "ოცნებაში" ხვდებიან ან მიხვდნენ, რომ ფასები ვეღარ შემცირდება. ხვდებიან იმას, რომ შეუსრულებელ მისიას ეჭიდებიან და უკვე მათი საქმიანობა პოპულისტურადაც არის წამგებიანი და რომ უვკე სასაცილო გახდა, ბრინჯის, რძის და კვერცხის ფასებზე საუბარი. სასაცილო ხდება უკვე ირაკლი კობახიძის მთავრობა და ამიტომ ამ საკითხზე საუბარს აზრი არ აქვს და ეს არის მიზეზი უკან დახევის. და მესამე, გამოუჩნდათ დამხმარე დონალდ ტრამპის სახით, რომელსაც შეიძლება ყველაფერი დააბრალო დღეს და წელს, ფასების მატება სავარაუდოდ აიხსნება ომით ირანში, კრიზისით რეგიონში", - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
პაატა ბარახტარი კი ფასების კომისიას საცირკო წარმოდგენას ადარებს. ეკონომისტი ამბობს, რომ აღნიშნული კომისია თავადაც მიხვდა, რომ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება კიდევ ერთი აბსურდი იქნებოდა, რასაც ახალი ქილიკის და პროტედტის ტალღა მოჰყვებოდა, სწორედ ამიტომ გადაიფიქრეს.
"ეს ფასების კომისია არის აბსურდი და ცირკი. რაღაც საცირკო წარმოდგენას მაგონებს მე პირადად ამ კომისიის საქმიანობა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ასეთმა საცირკო წარმოდგენამ, რომელიც ფასების შესწავლას გულისხმობს, გადაწყვიტა, რომ დაიქირავოს სხვა კომპანია, რომელიც მის დაჩემებულ საქმეს გააკეთებს და ამაში კიდევ დამატებით ფული უნდა გადაიხადონ. ალბათ თვითონვე მიხვდნენ, რამხელა აბსურდზე იყო საუბარი და აქედან გამომდინარე შეიკავეს თავი, გარკვეულწილად ამ გადაწყვეტილებისგან, რათა ახალი ქილიკისა და პროტესტის ტალღა არ წამოსულიყო. ღია ბაზრის ეკონომიკაში ფასების ხელოვნურად რეგულირების არცერთი მცდელობა არ ყოფილა წარმატებით დასრულებული", - ამბობს ბაირახტარი.
"ფასების საპარლამენტო კომისიამ“ ბაზრის შესასწავლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება გადაიფიქრა.
ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორში“ “ფასების საპარლამენტო კომისიის“ თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. მან გადაწყვეტილების მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.