სუსის ამჟამინდელმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში ყოფნისას, „გამჭვირვალობის“ მოტივით, მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ წაშალეს იმ წლების ქონებრივი დეკლარაციებიც კი, რომლებიც მას პარლამენტის წევრობის დროს ჰქონდა შევსებული.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი სუსის უფროსსა და მის მოადგილეებს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს. თუმცა არც მამუკა მდინარაძის და არც მისი მოადგილეების დეკლარაცია შესაბამის პორტალზე არ იძებნება. მიუხედავად იმისა, რომ სუს-ის ყოფილი უფროსების ქონებრივი დეკლარაციები ისევ ხელმისაწვდომია, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი გრიგოლ ლილუაშვილის.

„პუბლიკასთან“ საუბარში სუს-მა ხელმძღვანელი პირების მხრიდან დეკლარაციების საჯაროობის ვალდებულებას პარადოქსული უწოდა. მათ ახსენეს საერთაშორისო პრაქტიკაც და ის, რომ სუს-ის უფროსის დეკლარაციების ფარულობას დააკანონებენ კიდეც.

მდინარაძის გაუმჭვირვალე დეკლარაციების საკითხს ყოფილი პარლამენტარი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წლებში თეონა აქუბარდია გამოეხმაურა.

თეონა აქუბარდია

როდესაც კანონის უზენაესობა სავალდებულოა და კანონის დაცვა ევალება ყველას, რატომ ჩათვალა მამუკა მდინარაძემ, რომ მისი სახლის ან ავტომანქანის შესახებ ინფორმაცია საიდუმლო უნდა იყოს? – თეონა აქუბარდიას „ბათუმელები“ დაუკავშირდა და ამ საკითხის შეფასება სთხოვა.

  • ქალბატონო თეონა, როგორც ვიცით, კანონი ჯერ არ შეუცვლიათ და ამის მიუხედავად, მაინც წაიშალა სისტემიდან მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები. რამდენად მისაღებია თუნდაც ის, რომ მისი დეპუტატობის დროინდელი დეკლარაციებიც კი დახურეს?

არ უნდა წაშლილიყო ეს ინფორმაცია – ისედაც უამრავ გვერდზეა გადატანილი და შეუძლებელია ამ დეკლარაციების გაქრობა. დეპუტატობა არანაირ კავშირში არ არის ამასთან და მაინც რა უნდა დამალოს, სახლი და მანქანა რომ აქვს? რატომ არის ეს უსაფრთხოებისთვის გამოწვევა, ამის არგუმენტია საჭირო.

თუ დაამტკიცებენ, რომ ეს უსაფრთხოებისთვის საჭიროა, მაშინ კანონში წერია, რომ სუს-ის უფროსი პირდაპირ არის ანგარიშვალდებული პარლამენტთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან. ამ შემთხვევაში პარლამენტის თავდაცვის კომიტეტისთვის მისი დეკლარაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომ გააკონტროლონ, ისე როგორც სუს-ის უწყება მთლიანად.

  • დასავლეთის პრაქტიკაზე რომ საუბრობენ, აშშ-ს გულისხმობენ?

დიახ, ამერიკაში არის ასეო. სიმართლე გითხრათ, არ მიძებნია კონკრეტული ქვეყნების სამართლებრივი ანალიზი, ეს მათი ვალდებულებაა, თუმცა კორუფციის მკვლევარი „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობდა, რომ რიგ ქვეყნებში არის ასე. მაგრამ სადაც საჯარო არ არის დეკლარაცია, იქ პარლამენტი აკონტროლებს ან შესაბამისი სამსახური. თანაც ყველაფრის ასე კოპირება არ შეიძლება. უნდა გაითვალისწინო კონტექსტი.

საქართველოში სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ციხეშია კორუფციის ბრალდებით და თავდაცვის ყოფილი მინისტრიც ციხეშია – ეს ნიშნავს, რომ კორუფციის მაღალი რისკები არსებობს.

გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივად ხელმძღვანელობდა სუს-ს და დღეს ციხეში სწორედ კორუფციის ბრალდებით ზის, დეკლარაციის საჯაროობას მისთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ფული აეღო, როგორც ამას ბრალდება ამბობს. ამიტომ ეს ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული.

კატასტროფული მდგომარეობაა კორუფციის მხრივ. აგერ თურმე უფასო სასადილოებიდან ბიუჯეტის 3 მილიონი ლარი იყო შეჭმული, ყველაზე უპოვარ ადამიანებსაც კი ჰპარავდნენ ფულს და რატომ არ უნდა იყოს საჯარო მდინარაძის დეკლარაცია?

სახელმწიფო უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სუს-ის უფროსის დეკლარაციის საჯაროობის საფრთხე კარგად უნდა იყოს განმარტებული და არა მხოლოდ თითის გაშვერა დასავლეთისკენ, რომ თურმე იქ არის ასე.

დასავლური დემოკრატიების მაგალითები თუ უნდათ, მაშინ უშიშროების საბჭო რატომ გააუქმეს, რომელიც ყველა ქვეყანას აქვს, მათ შორის რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და დაზვერვის სამსახური რატომ შეუერთეს სუს-ს. აშშ-იც დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურები ცალკეა.

  • რადგან კანონი არ შეცვლილა, გამოდის, მდინარაძე დეკლარაციების გაუჩინარებით არსებულ კანონს არღვევს?

მე რომ არ შემევსო დეკლარაცია, 1000 ლარით დამაჯარიმებდნენ. რატომ არ არის კანონის ეს ვალდებულება გამოყენებული მდინარაძესთან მიმართებაში? თუ 2 აპრილს უწევდა დეკლარაციის შევსება, მაშინ ჯერ ემსჯელათ, შეეცვალათ კანონი და ისე წაეშალათ დეკლარაციები. ახლა კი, მდინარაძის რწმენის შესაბამისად მოხდა დეკლარაციების წაშლა და არა კანონის.

მაშინ, როცა მამუკა მდინარაძე იყო ვითომ „გამჭვირვალობის“ კანონის ავტორი (რომელსაც სამართლიანად შევარქვით „რუსული კანონი“) და ჩვენი ევროპული კურსის განვითარების საწინააღმდეგო მხარეს იდგა.

მხოლოდ და მხოლოდ მამუკა მდინარაძის დეკლარაციის საკითხში რატომ არის დასავლური პრაქტიკა მიმზიდველი და არა მთლიანად ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც განსაკუთრებით მოშალეს და დააზიანეს.

batumelebi.netgazeti.ge