რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ 18%-იანი დღგ-ს შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, თუმცა მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფოსთვის ზედმეტი თავის ტკივილია გადასახადების დიფერენცირება, ეს ნაბიჯი არ იდგმება.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული თხოვნით რესტორატორთა ასოციაცია წლების მანძილზე მიმართავდა მთავრობას სხვადასხვა პრემიერის ხელმძღვანელობის პერიოდში, მაგრამ პასუხი, პრაქტიკულად, არავის გაუცია.
„დღგ არის ბრუნვის გადასახადი - ანუ, წელიწადში 100 ათასი ლარის ბრუნვის შემთხვევაში დღგ-ს გადამხდელი ხდები. ეს კანონი ჯერ კიდევ მიიღეს მაშინ, როცა დოლარი ლართან 1.65-ზე იყო. დაახლოებით 20 წელი გავიდა ამის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა, ყველაფერი გაძვირდა. ამასაც კი არ ითვალისწინებს სახელმწიფო, რაც წარმოუდგენელია. დიდ ბიზნესზე არ გვაქვს საუბარი, მცირე და საშუალო ბიზნესი იგულისხმება, რომელიც დღგ-იდან დაზოგილ თანხას ისევ ბიზნესის განვითარებას მოახმარს, რაც ფისკალური სახით ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდება. დღეს თუ რამე ბიზნესი მუშაობს, ზუსტად იმ მოქალაქის დამსახურებაა, რომელსაც გარკვეულწილად ნორმალური ხელფასი აქვს და ქმნის ეკონომიკას. თუ საშუალო ფენა არ შეიქმნა და არ განვითარდა, ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში ვერ განვითარდება“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
შოთა ბურჯანაძე იმასაც აღნიშნავს, რომ დღგ-ს საკითხთან დაკავშირებით ასოციაცია მიმართავდა ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის აპარატს, საიდანაც პასუხიც მიუღია.
„შემდეგ პრემიერთან მოგვისმინეს და თქვეს, რომ შეგვიძლია ამაზე საუბარიო. კიდევ შემდეგ პრემიერთან მიგვიღეს და ასე ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, პრემიერიდან პრემიერამდე სიარული იმით დასრულდა, რომ საბოლოო ჯამში, დღგ-ზე საუბარი საერთოდ აღარ ყოფილა.
ამ გადასახედიდან, ჩემი აზრით, სახელმწიფოსთვის ამის შეცვლა არის თავის ტკივილი. მაგრამ სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები უნდა ფიქრობდნენ იმაზე, რომ ქართული პროდუქცია, რომელიც აქ იწარმოება, არ იბეგრება დღგ-ით, მისიყველაზე დიდი მომხმარებელი ხომ სარესტორნო სექტორია? თუ ჩვენი სფერო არ დაიბეგრა, ეს ხომ ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გაზრდას და შესაბამისად, როგორც შედეგი, ფასებიც დაიკლებს? ეს იქნება დიდი პროგრესი და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული პროდუქციის წარმოებისთვის, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ისმის კითხვა: რატომ უნდა გავაკეთოთ ეს, რატომ უნდა ავიტკივოთ თავი?“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.