საქართველოში საინვესტიციო კლიმატი იცვლება და აქტიური ქვეყნების ლიდერთა პოზიციებს აზიური ქვეყნები იკავებენ. დასავლური კაპიტალის ადგილს თანდათან აღმოსავლური იჭერს, ანუ, ეკონომიკაში ცარიელი ადგილი არ რჩება.

საქართველოში ინვესტირების კუთხით უმსხვილესი არაბული დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების ინტერესები იკვეთება. მათ შორის, აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია თბილისის მშრალი პორტის პროექტში, რომლის ოფიციალური გახსნა 2025 წელს იგეგმება, ასევე - უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია "ემაართან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რომლის შედეგად, საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, ინფორმაციით, ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტირებას.

„შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიოში. „ემაარ ჯგუფი“ არის მსოფლიოში ცნობილი თავისი გამოცდილებით, რესურსებით და ჩვენთვის საამაყოა, რომ ეს შეთანხმება გაფორმდა, ველოდებით ამ პროექტის განხორციელების დაწყებას და ძალიან მალე პროექტის განხორციელებაც დაიწყება. ეს კომპანია თავისი ეფექტიანობით არის ცნობილი და შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, გვექნება არაჩვეულებრივი შედეგი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკის გაძლიერებას, თბილისის, აჭარის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას. ყველა კუთხით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი ჩვენთვის “, - განაცხადა პრემიერმა გასულ კვირას.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ამ პროექტების განხორციელებაში ჩაერთვებიან ქართული კომპანიებიც.

„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ მემორანდუმს, რომელსაც ხელი მოეწერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ორმხრივი თანამშრომლობისთვის. საქართველოში შემოდის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია, რომელიც მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, დუბაიში ბევრია ნამყოფი, აბუ-დაბიში, ყველა ძირითადი შენობა-ნაგებობა, არქიტექტურული სილამაზით ცათამბჯენები აღნიშნული კომპანიის განხორციელებული პროექტებია.

სხვადასხვა დეველოპერულ პროექტებში დაახლოებით, 6 მლრდ დაიხარჯება თბილისსა და აჭარაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ამ პროექტების განხორციელებაში ჩაერთვებიან ქართული კომპანიები და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა ინვესტიცია ერთ კონკრეტულ პროექტში არასდროს განხორციელებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

არაბული მსხვილი ინვესტიცია შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიში ყველაზე დიდი საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც მთელი ქვეყნის ეკონომიკის 1-1.5%-იან ზრდას უზრუნველყოფს.

„თბილისისა და აჭარისეკონომიკა დაახლოებით 2-3%-ით გაიზრდებაწლის განმავლობაში, რაც მთელი ქვეყნის ეკონომიკაში 1-1.5%-იან წილს შეიტანს. გარდა რიცხვებისა და ეკონომიკური შედეგებისა, "ემაარი" და"იგლ ჰილსი", ეს არის წამყვანი დეველოპერული ჯგუფები მთლიანად რეგიონში, რომელსაც აქვს განხორციელებული სანიმუშო პროექტები, მაგალითად, როგორიცაა ბურჯ-ხალიფა.

მოლოდინი გვაქვს, რომ ამ პროექტის დაწყებით ჩვენ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახალ ტალღას უნდა ველოდოთ ძალიან საინტერესო, დინამიურ სექტორში, რომელიც ეკონომიკის ზრდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ჩვენს ქვეყანაში უნდა მივიღოთ ორი, ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი ადგილი, რომელიც ტურისტებისთვისა და მოსახლეობისთვის იქნება მიმზიდველი და თვალსაჩინო, რაც ასევე ქვეყნის ხარისხობრივ წინსვლას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

აღმოსავლური ქვეყნებიდან ინვესტიციების ზრდასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე საუბრობენ ექსპერტებიც.

სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ ხაზი გაუსვა, რომ ახალი საინვესტიციო შეთანხმება საქართველოს ეკონომიკისთვის დამატებითი იმპულსია, რომ ქვეყანა უფრო მაღალი ტემპით განვითარდეს და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.

,,ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბიზნესის განვითარების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პოლიგონი დასავლეთიდან თანდათან აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს. შემთხვევითი არ არ არის, რომ სწორედ ამ ქვეყნებში არის მიღწეული განვითარების მაღალი დონე და ჭარბი ფულადი მასა, რაც უკავშირდება ბუნერივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და შემოსავლების  მიზნობრივ ექსპლუატაციას, რაც აძლევს საშუალებას, რომ  განავითარონ არა მარტო საკუთარი ქვეყნები, არამედ მოახდინონ პოზიტიური ექსპანსია მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში. შესაბამისად, საქართველოში თუ შემოვა ჭარბი ფულადი მასის გარკვეული ნაწილი, ამას მხოლოდ უნდა მივესალმოთ.

ცნობილია, რომ ახალი ინვესტიციებისთვის პოლიგონი იქნება თბილისიც და აჭარაც, ამ მიმართულებით მოხდება კაპიტალის სოლიდური ნაწილის დაბანდება. ამიტომ მომავალს უნდა შევხედოთ ოპტიმიზმით, რითაც ყველა მოგებული დარჩება", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, საკმაოდ მყარად დგას ფეხზე ქართული ბიზნესიც, რაც ეკონომიკისთის დამატებითი იმპულსია.

,,წლების განმავლობაში სწორედ ევროპულ ინვესტიციებს ეკავა პირველი ადგილი გეოგრაფიული წარმომავლობის მიხედვით. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ  ბოლო პერიოდში დიდი როლი შეასრულეს ფულადმა ტრანზაქციებმა, რომელიც საქართველოში  შემოდის ძირითადად ქართველი ემიგრანტების მიერ, რომლებიც საქმიანობენ ევროპაში, აშშ-სა და მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ საინვესტიციო დატვირთვა მხოლოდ პირდაპირ ინვესტიციებს არ გააჩნია. ამ დატვირთვას ასრულებენ ფულადი ტრანზაქციები, აღმოსავლეთიდან და სამხრეთის სახელმწიფოებიდან შემოსული გზავნილები.

ქართული ბიზნესიც საკმაოდ მყარად დგას ფეხზე და სოლიდური სიტყვა ეთქმის კაპიტალბრუნვაში. ყველაფერი  ეს ქმნის შესაძლებლობას, ეკონომიკამ მიიღოს დამატებით იმპულსები და განვითარების პერსპექტივა. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ აპოკალიფსური სურათი დაიხატოს", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

ინვესტიციებთან დაკავშირებით დადებით მოლოდინზე საუბრობს "აისეტის" კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავაც, რომელმაც არსებულ ტენდენციაზეც გაამახვილა ყურადღება. ისიც ადასტურებს, რომ წლის განმავლობაში პრობლემა ინვესტიციების კუთხით მოსალოდნელია, თუმცა დრამატული ვითარება  არ შეიქნნება.

,,პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე პოლიტიკური არასტაბილურობა მოქმედებს. მთავარი მაინც ორი მიმართულებაა: პირველი -  ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც გულისხმობს, როგორია ბიზნეს გარემო ქვეყანაში, რამდენად ჯანსაღი პირობებია ინვესტიციებისთვის, კალიფიციური მუშახელის არსებობა და სხვა. მეორეა გეოპოლიტიკური რისკები, რომელიც  ძალიან მაღალია. მართალია, საინვესტიციო გარემო იცვლება და აქცენტი აღმოსავლურ ქვეყნებზე კეთდება, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ მოახდენს გარღვევას.

ინვესტიციების კლება შეიძლება წელსაც შენარჩუნდეს ან მხოლოდ მცირე ზრდა იქნება. აღმოსავლური იქნება თუ დასავლური, ინვესტიციები კარგია, მაგრამ რაც არ უნდა მოვინდომოთ, საქართველო  2017-18 წლების მაჩვენებლებზე ვერ გავა. მთავარია, დრამატული კლება არ იქნება. ამ ეტაპზე ასეთი მოცემულობაა, დანარჩენს დრო გვაჩვენებს", - აღნიშნა მკვლევარმა.

ოპოზიცია ამჯერადაც უკმაყოფილოა. მათი მხრიდან აქამდე იყო საუბარი, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა არ არის. ახლა კი, როცა ამ მასშტაბის ინვესტიციის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი, სხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს.

როგორც "ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, ოპოზიცია კმაყოფილი მაშინ იქნებოდა, თუ ამ ფულის დიდ ნაწილს საკუთარ ჯიბეში ჩაიდებდა.

"ამ 6 მილიარდიდან, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ნახევარზე მეტი მაინც საკუთარ ჯიბეში ჩაიდებდნენ. გაგიჟდნენ, ჭკუიდან გადავიდნენ და მათ ამ პანიკურ კივილს ერთადერთი მიზეზი აქვს, რომ ეშინიათ. მათ უკვე ყველაფერი დაკარგეს. საქართველოს მკვრდადშობილი ოპოზიცია ჰყავს. მათ საქართველოში აღარაფერი გამოსდით, ყველაფერი გამოეცალათ ხელიდან. 6-მილიარდიანი ინვესტიცია არც მათ მოსწონთ და არც მათ ლობისტებს ევროპაში.

საქართველოს სიკეთე არ მოსწონთ, არც მშვიდობა, არც კეთილდღეობა, არც მსხვილი ინვესტიციები, არც ჩინეთთან პარტნიორობა, არც საქართველოს ერთიანობა. მოსწონთ მხოლოდ ლგბტ პროპაგანდა და ლიბერალურ ევროპასთან თანამშროლობა და ჩახუტება, რაც ჩვენ არ გვინდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ერთადერთი დასკვნა შემიძლია გავაკეთო -  რაც უფრო მეტად იკივლებს ოპოზიცია დასკვნა იქნება მხოლოდ ერთი, ესე იგი, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ხელისუფლება”, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომპანია, რომელიც საქართველოს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის, ეკონომისტების პროგნოზით, სხვებისთვისაც წამახალისებელი იქნება, რათა საქართველოში ინვესტიციები თავადაც განახორციელონ.

როგორც ექსპერტი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერის გაშავებას ცდილობს.

"ოპოზიცია იმაზე კი არ უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ყველაფერი გააშავოს და შავის ფონზე დაანახოს ამომრჩეველს საკუთარი თავი, არამედ არსებულ რეალობას უნდა მოერგოს და უნდა დაგვანახოს თავად, უკეთესად როგორ წარმართავდა პროცესებს.

რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, რომ ყველაფერი უკან-უკან მიდის, მიუხედავად იმისად, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, წინსვლა სახეზე და ეს როგორ ვერ დაინახო ადამიანმა? მაგრამ მარტივია სპეკულირება და პოპულიზმი, იმ ფონზე, როცა ათობით ათას ადამიანს ჯერ კიდევ საკუთარი თავის და ოჯახის გამოკვების ყოველდღიური პრობლემები აქვს.

შესაძლოა, ინვესტიციების განხორციელების სტრატეგია გააკრიტიკო და ანალიზი გააკეთო, თუ როგორ და სად ჯობია ფულის ჩადება. ამის ნაცვლად ზოგი ამბობს, რომ ეს რუსული ფულია. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებამ გადაქაჩა მილიარდები და ახლა ინვესტიციების სახით იბრუნებენ. საკუთარ მილიარდებს მიხედოს კეზერაშვილმა და სხვებმა, მაგრამ რომ დავუშვათ ხელისუფლებამ 6 მილიარდი გადაქაჩა და ახლა უკან მოაქვს, ეს ხომ აბსურდია. მესამე ხაზიც აქვთ, რომ შეთანხმება არაერალურია და არ შესრულდება. გავა ცოტა დრო და დაინახავენ, რომ ამ ყველაფერის შესრულება დაიწყება, მერე სად წაიღებენ საკუთარ განცხადებებს?

ამომრჩეველს და მოსახლეობას თვლიან ბრბოდ. ფიქრობენ, რომ დღეს გაკეთებული ნეგატიური განცხადება ორ კვირაში ან ერთ თვეში ხალხს დაავიწყდება. მოსახლეობას არაფერი არ დაავიწყდება და რომც დაავიწყდეს, შეახსენებს ოპოზიციის ოპონეტი, ანუ ხელისუფლება.

წლების განმავლობაში მცდარი სტრატეგიის გამო აგებენ არჩევნებს. მათ მოჰყვებათ საკუთარი მძიმე წარსული, რომლის გააზრებაც არ სურთ. არც რეალური გადახალისება უნდათ ოპოზიციურ ფლანგზე, რადგან ვერ თმობენ საკუთარ სკამებს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, საითკენაც, როგორც თავად ამბობენ, მიისწრაფვიან, 9 არჩევნებს კი არა, ერთხელ რომ წააგებენ, პარტიებში მიმდინარეობს გადახალისება. ჩვენთან კი ყველა არჩევნების წააგეს, მაგრამ მაინც იგივე სახეებს და მცდარ სტრატეგიას ვხედავთ”, - ამბობს სალუქვაძე.

ამ მასშტაბის ინვესტიცია ექსპერტებისთვის პოზიტიური სიგნალია. როგორ საინვესტიციო კომპანია "გალტ ენდ თაგარტის” კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა, როდესაც მშენებლობის პროექტი აქტიურ ფაზაში შევა, დამატებით, ყოველწლიურად, ქვეყნის ეკონომიკა 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზრდება.

„მეორე ეფექტია უძრავი ქონების სტანდარტების თვისებრივი განვითარება, რაც ბოლო წლებში სახეზეა და ამის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. ეს კი, თავის მხრივ, ქვეყანას, სხვა ღონისძიებებთან ერთად, შესაძლებლობას მისცემს, რომ მოიზიდოს უფრო მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი ან ინვესტორი, რომელიც მსგავსი ტიპის უძრავი ქონებით არის დაინტერესებული“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55%-ით შემცირდა და მან მხოლოდ 198 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წლის 9 თვეში ჯამური მოცულობა მხოლოდ 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით, ანუ 640 მილიონი დოლარით ნაკლებია.

ინვესტიციების კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნიდერლანდებიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადების 272 მილიონი დოლარით, ანუ 70%-ით შემცირებამ. ასევე განახევრებულია ინვესტიციები აშშ-დან, თურქეთიდან, ოფშორული ზონებიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიდანაც წარსულში საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო ნაკადები შემოდიოდა. სანაცვლოდ 42%-ით არის გაზრდილი ნაკადი დიდი ბრიტანეთიდან, რაც ისევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული ქართული კომპანიების ოპერაციებთან არის დაკავშირებული.

წყარო: რეზონანსი