ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-ი ამჟამად მუშაობს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ციფრული ბანკის სალიცენზიო განაცხადზე.
მისი განმარტებით, ეროვნულ ბანკს აღნიშნული სალიცენზიო განაცხადის შესწავლის დრო ჯერ კიდევ აქვს და გადაწყვეტილება შესაბამის ვადებში იქნება მიღებული.
„ციფრული ბანკები არის ძალიან იმედის მომცემი სფერო. ჩვენ აქ ვხედავთ კონკურენციის გაძლიერების შემდგომ ეტაპს. თავად კონცეფცია არის იმგვარი, რომ ნაკლები დანახარჯების გზით, ციფრული სერვისების დანერგვით ბანკს შეუძლია, იყოს საკმაოდ მდგრადი და გაზარდოს პორტფელი. ძალიან საინტერესო კონცეფციაა და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ლიცენზია არის მოქმედი, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ სფეროში მეტი დაინტერესება იქნება.
რაც შეეხება იმ ლიცენზიას, რომლის განაცხადის დამუშავების პროცესშიც ვართ, ჯერჯერობით ვადები გვაქვს და წარმოება მიმდინარეობს, კანონით დადგენილ ვადებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული,”- განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ცნობილია, ლაშა პაპაშვილი უკრაინულ კრიპტო ბირჟა WhiteBit-თან ერთად საქართველოში ახალი ციფრული ბანკის დაფუძნებას გეგმავს, სადაც ის ბანკის 50%-იანი აქციონერი იქნება.