ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ბანკის ლიცენზიის მიღებას გეგმავს. რას შეცვლის ეს მიკროსაფინანსოსთვის, რა ცვლილებებს გამოიწვევს საფინანსო ბაზარზე მიკრობანკების შექმნა, რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის კაპიტალის ბაზრის განვითარება და რა გეგმების აქვს სამომავლოდ, - ამ თემებზე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ „კომერსანტთან“ ისაუბრა.

რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო ორგანიზაცია „მიკროსაფინანსო ცენტრის“ თავმჯდომარედ აგირჩიეს, რას ემსახურება ეს ორგანიზაცია და რა გეგმები გაქვთ ახალ პოზიციაზე?

ჩემთვის მართლაც დიდი პატივია მიკროსაფინანსო ინდუსტრიისთვის ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტრუქტურის თავმჯდომარეობა. MFC მიზნად ისახავს სოციალური გავლენის მქონე საფინანსო სექტორის გაძლიერებას. ორგანიზაციის გეოგრაფია მოიცავს მთელ ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და მონღოლეთს. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სექტორის სტაბილურ განვითარებას, ეფექტური რეგულირების, დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის, მონაწილე ორგანიზაციების განვითარებისა და გაციფრულების ხელშეწყობის გზით. ჩვენი გეგმაა გლობალურ დონეზე ავამაღლოთ მიკროსაფინანსო სექტორის აღიარება რათა მან შეძლოს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში თავისი მნიშვნელოვანი როლის შესრულება. მოგეხსენებათ ეს მიზნები მოიცავს ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და კლიმატთან დაკავშირებულ ამოცანებს.

რამდენად საინტერესოა საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარი ინვესტორებისათვის და რა გამოწვევების წინაშეა დღეს სექტორი?

საფინანსო სექტორში მაღალი კონკურენციის მიუხედავად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს თავისი უნიკალური წვლილი შეაქვთ მოსახლეობის ფინანსური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. სექტორი აგრძელებს ზომიერ ზრდას და ინარჩუნებს ისეთ მომგებიანობას, რომელიც მოიზიდავს უფრო გრძელვადიან და „ჭკვიან“ კაპიტალს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სათანადოდ აფასებს სექტორის როლს, აგრძელებს მის ადეკვატურ რეგულირებას და ამავე დროს ეფექტურ ზედამხედველობას ახორციელებს მასზე.

1-ლი ივლისიდან მიკრობანკების ლიცენზიის აღების წესი ძალაში შევიდა. ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ბანკის ლიცენზიის მიღებას გეგმავს. როდის გეგმავთ სებ-ში შესაბამისი განაცხადის გაკეთებას და რას შეცვლის ეს როგორც თქვენთვის, ასევე მომხმარებლებისთვის?

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონი და შესაბამისი ახალი ტიპის ბაზრის მონაწილეების გაჩენა წინ გადადგული ნაბიჯია ფინანსური სექტორისა და მთლიანად ეკონომიკისთვის. ეს აუცილებლად გაზრდის კონკურენციას და სარგებელს მოუტანს როგორც მიკრო და მცირე საწარმოებს, ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს. კრისტალმა საფუძვლიანი ინვესტიცია განახორციელა ორგანიზაციული სისტემების, ტექნოლოგიებისა და კორპორაციული მართვის კუთხით. ჩვენი მიზანია მიმდინარე წლის ბოლომდე გავაკეთოთ განაცხადი და დროულად მივიღოთ ლიცენზია, რათა 2024 წელს შევძლოთ ბევრი სიახლის შეთავაზება ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის.  

როგორ შეაფასებდით „კრისტალის“ფინანსურ მაჩვენებლებს და რა მოლოდინები გაქვთ წლის ბოლოსთვის?

ახალი რეგულაციებისა და პანდემიის გამო სექტორმა და მათ შორის კრისტალმა, რთული პერიოდი გამოიარა. მოგეხსენებათ, ბაზარზე მისო-ების რაოდენობა განახევრდა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ ასევე უარყოფითად იმოქმედა კომპანიის მომგებიანობაზე. თუმცა მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ გავაძლიერეთ კომპანიის კორპორაციული მართვა, მოვიწვიეთ გამოცდილი დამოუკიდებელი წევრები სამეთვალყურეო საბჭოში და დავხვეწეთ მართვის სისტემები, რამაც მოგვცა პოზიტიური შედეგი. ეტაპობრივად, კრისტალი უბრუნდება კომპანიისთვის სასურველ ეფექტიანობისა და მომგებიანობის მაჩვენებლებს. პანდემიის შემდეგ ყოველი წელი უკეთესი გვქონდა და იმედი გვაქვს რომ 2023 წელიც არ იქნება გამონაკლისი.  

რა გავლენას ახდენს რეფინანსირების განაკვეთის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მიკროსაფინანსოების, მათ შორის „კრისტალის“ ფინანსური ხარჯებზე და როგორ აისახება ის ფინანსურ შედეგებზე? აძვირებს თუ არა გაზრდილი განაკვეთი მიკროსაფინანსოებისთვის მოზიდულ სახსრებს?

რა თქმა უნდა - მაღალი რეფინანსირების განაკვეთი აძვირებს ფინანსური სახსრების ღირებულებას. საბაზრო რისკი დაკავშირებულია სავალუტო დისბალანსთან უცხოურ ვალუტაში მოზიდულ რესურსებსა და ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შორის. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება და მიკრობანკების ლიცენზიის მიღება, რაც დეპოზიტების მიღების უფლებას მოგვცემს, დაგვეხმარება ამ ხარჯისა და ზოგადად, სავალუტო რისკის შემცირებაში.

ადგილობრივი ბირჟისა და ზოგადად, კაპიტალის ბაზრის განვითარების პირობებში გაიზრდება თუ არა კონკურენცია მიკროსაფინანსო და საბანკო სექტორში? ფულის მოზიდვის ალტერნატიული მექანიზმის გაჩენა შეიძლება თუ არა ფინანსური სექტორისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცეს?

კაპიტალის ბაზრის განვითარება „კრისტალისთვის“ დადებითი მოვლენა იყო და მომავალშიც ასე დარჩება. კრისტალმა პირველმა სექტორში და რეგიონში მიიღო საერთაშორისო რეიტინგი და არაერთხელ მოახდინა კორპორაციული ობლიგაციის ემისია. ობლიგაციების ბაზარი დინამიურად ვითარდება, მაგრამ ყველანი ველით იმ საინტერესო ეტაპს, როცა მოხდება წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემისია. კრისტალი, როგორც მიკრობანკი აპირებს იყოს კაპიტალი ბაზრის აქტიური მონაწილე.

მიკროსაფინანსო სექტორის მიერ გაცემული სალომბარდე სესხები ისევ მაღალ დონეზეა. მართალია თქვენი ორგანიზაცია ნაკლებადაა წარმოდგენილი ამ მიმართულებით, თუმცა, თქვენი აზრით, რას უკავშირდება სალომბარდე სესხებზე მოთხოვნის ზრდა?

სალომბარდე სესხები ბევრი მომხმარებლისთვის ფულის მობილიზების საინტერესო ალტერნატივაა. როგორც წესი, ამ ტიპის აქტივების ზრდა ფინანსურ ბაზარზე მოსახლეობის ფინანსური სტრესის მატებას მიუთითებს, მაგრამ ჩემი შეფასებით, ბოლო წლებში ლომბარდების მიმართ გაზრდილი მოთხოვნა არის უფრო საცალო დაკრედიტების სფეროში გამკაცრებული პოლიტიკის შედეგი. მაშინ, როცა უფრო რთული ხდება მომავალი შემოსავლების გათვალისწინებით არაუზრუნველყოფილი სესხის მიღება, ადამიანებისთვის გამოსავალია მათ ხელთ არსებული, დაგროვებული აქტივის უზრუნველყოფით მოიზიდონ თანხა. მაგრამ სალომბარდე სესხი მაინც მოკლევადიანი გამოსავალია და თუ მომხმარებელი დიდი ხნის განმავლობაში არ ან ვერ ამცირებს სესხის ძირს, ასეთი სესხი მისთვის ფინანსურ ტვირთს და დამატებით რისკს წარმოადგენს.  

რა სიახლეებს გეგმავს „კრისტალი“?

წელს ჩვენს კომპანიას 25 წელი შეუსრულდა. ამ საინტერესო ისტორიის მანძილზე ჩვენი ფილოსოფია და დაკვეთა იყო მომხმარებელზე ზრუნვა. არ ვიცი რამდენად ყოველთვის ერთნაირი წარმატებით გამოგვდიოდა ეს, მაგრამ ჩვენ კომპანიის დამფუძნებლებს, ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს სწორედ ეს მიგვაჩნია პრიორიტეტად. საბანკო ლიცენზიის მიღება რა თქმა უნდა ახალი ეტაპის დაწყებას მოასწავებს. ბანკ კრისტალს ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა მოემსახუროს ასობით ათას ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, შესთავაზოს მათ მომსახურების სრული არჩევანი, რომელიც ადამიანებს სჭირდებათ ფინანსური სტაბილურობისა და ეკონომიკური წარმატებისთვის.