„ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისში გარკვეული ცვლილებები შეიტანა კრიპტო სფეროს რეგულირების თვალსაზრისით ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონში. ახლა ველოდებით - ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის რეგისტრაციის წესის დადგენას და საბოლოოდ გადაწყდება კრიპტო სფეროს მომავალი“, - ამის შესახებ ფინტექ-ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში კრიპტო ბაზრის რეგულირების საკითხებზე საუბრისას განაცხადა.მან ასევე ასოციაციისა და ფინანსური კომპანიების შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც კრიპტო სფეროს რეგულირების საკითხებზე იყო მსჯელობა.

მისი თქმით, ფინტექ-ასოციაციის მიზანია კეთილსინდისიერი კომპანიების გაერთიანება, რომ ერთობლივი ძალებით შესაძლებელი გახდეს ჯანსაღი გარემოს შექმნა

„იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისში გარკვეული ცვლილებები შეიტანა კრიპტო სფეროს რეგულირების თვალსაზრისით ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონში, გაჩნდა ტერმინები - „ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერი“ და მისი შემავსებელი სხვადასხვა მუხლები. ახლა ველოდებით - ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის რეგისტრაციის წესის დადგენას და საბოლოოდ გადაწყდება კრიპტო სფეროს მომავალი, რა ფორმით იარსებებს კომპანია, რომელსაც ექნება სურვილი ამ მიმართულებით იმუშაოს და ჩვენი ასოციაციის მიზანია კეთილსინდისიერი კომპანიების გაერთიანება, რომ ერთობლივი ძალებით შევძლოთ ჯანსაღი გარემოს შექმნა“, - განაცხადა დავით კიკვიძემ.

მისი თქმით, რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით  ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა. ფინტექ-ასოციაციის და ფინანსური კომპანიების შეხვედრის მიზანია, რომ „გაჩნდეს ისეთი ორგანო, რომელიც ეროვნულ ბანკთან კომუნიკაციის ნაწილში იქნება ერთიანი და მასთან სწორ კომუნიკაციას დაამყარებს“.

„ჩვენი მიზანია, რომ კრიპტო სფეროს მივანიჭოთ გადახდის მომსახურებასთან მიახლოებული მიმართულება. გვინდა, რომ კრიპტო ისე ჯანსაღად იყოს დარეგულირებული, რომ მისი გადახდის ერთეული და საშუალება ეროვნული ბანკისთვის რისკებს არ შეიცავდეს, ფინანსურ სტაბილურობას უწყობდეს ხელს და მომხმარებლისთვის მოქნილი და ახალი ინსტრუმენტი იყოს, რომელიც ყველასთვის მომგებიანი იქნება“, - განაცხადა დავით კიკვიძემ.