„ეს არაა ტურისტების სტატისტიკა, ეს არაა რეალობა“ - ასე ეხმაურება სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი, ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი ტურიზმის პირველი კვარტალის შედეგებს, რომლის თანახმად, როგორც ტურისტების, ისე მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია.
958,947 ტურისტული ვიზიტი და 826 მილიონი დოლარის შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან - ასეთია საქართველოს ტურიზმის პირველი კვარტალის ოფიციალური შედეგები. ორივე შემთხვევაში წლიური ზრდა 2.5%-მდეა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებითაც, ტურისტული ვიზიტები და შემოსავლები გაზრდილია, მაგრამ საერთაშორისო ვიზიტორების ჭრილში - არა.
„ესაა სტატისტიკა ადამიანების, რომლებიც საქართველოს გადიან, რადგან ტრანზიტული ქვეყანა ვართ. გაუმარჯოს აბრეშუმის გზას“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების დათვლის მეთოდოლოგიას წლებია აკრიტიკებს და არ ენდობა.
შალვა ალავერდაშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში აზერბაიჯანის მაგალითი მოიყვანა, რომელთანაც პანდემიის შემდეგ, დღემდე სახმელეთო საზღვარი დაკეტილია, თუმცა მიუხედავად ამისა, წელს, პირველ კვარტალში, აზერბაიჯანიდან საქართველოში 64,818 ვიზიტი შედგა - წლიური ზრდა 25.9%, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 19.8%-ით 48.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
- კიდევ ერთხელ და ხმამაღლა ვიტყვი - გაუმარჯოს აბრეშუმის გზას, საიდანაც საქართველოში ტვირთბრუნვა იზრდება და სწორედ ტვირთბრუნვის და მძღოლების ხარჯზე ვითვლით ტურიზმის სტატისტიკას...
- გასაგებია, რომ სახმელეთო გზა დაკეტილია, მაგრამ იქნებ საჰაერო გზით შემოვიდნენ აზერბაიჯანიდან ტურისტები?
- თუ ასეა, გვაჩვენონ საჰაერო გზით რამდენი ტურისტია აზერბაიჯანიდან შემოსული და როგორ გვაქვს ზრდა აზერბაიჯანიდან... შემოდიან მძღოლები აზერბაიჯანიდან, რომლებიც 24 საათზე მეტ ხანს რჩებიან საქართველოში, ითვლებიან ტურისტად და ამით მდიდრდება სტატისტიკა.
- საქართველოს ტურიზმის სტატისტიკა დღესაც იმ მეთოდოლოგიით ითვლება, როგორც შარშან 5-6 წლის წინ...
- არასდროს ვენდობოდი სტატისტიკას და სულ ვითხოვდით დიფერენცირებას ვინ ტურისტია, ვინ ტრანზიტული გზის გამო შემომავალი... ტურიზმის სტატისტიკა არეულია და სჯობს, გადავდგათ ერთი დიდი ნაბიჯი და ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ტრანზიტული ქვეყანა, რაც ქვეყანაში გადაადგილებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობაზე გავლენას ახდენს.
„წერტილთან“ ინტერვიუში ჰოტელიერმა ისაუბრა, როგორი იყო პირველი კვარტალი სასტუმროებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მეორე კვარტალში, სიტუაცია გამოსწორდება.
ამასთან, მიუხედავად გამოწვევებისა, წინა თვეებისგან განსხვავებით, შალვა ალავერდაშვილი, დარგის პრობლემებზე მსჯელობის მიზნით, „ოცნების“ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას არ ითხოვს.
როგორც შალვა ალავერდაშვილმა თქვა, მიზეზი წლის დასაწყისში კერძო სექტორსა და ტურიზმის ადმინისტრაციას შორის გამართული შეხვედრაა, სადაც მაია ომიაძემ თავის გუნდთან ერთად 2024 წლის დადებითი შედეგები წარადგინა, რასაც კერძო სექტორის კრიტიკა მოჰყვა.
„სულ ერთი წინადადებით მაინც რომ ეთქვათ, რომ ცოტა პრობლემები შეიქმნა ტურიზმში და მოდი, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი, იმ შეხვედრაზე მყოფი 150 ადამიანიდან ყველა იტყოდა, რომ „დიახ, მოდით, ერთად დავსხდეთ და რაღაც გავაკეთოთ ტურიზმისთვის, ქვეყნისთვის“.... როცა ასეთ შეხვედრაზე მიდიხარ, პრობლემები გაქვს და შენი სტატისტიკის წამკითხველი ორგანიზაცია [ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია] გეუბნება, რომ მილიონერი ხარ, ოღონდ შენ არ იცი.... მას შემდეგ [გაფართოებული] შეხვედრა თითქმის არ ყოფილა და არც ვითხოვთ; არც ხალისი გვაქვს და არც განწყობა. ჩვენ ვშრომობთ და გვინდა, ეს ქვეყანა და ჩვენი ბიზნესი გადავარჩინოთ. სახელმწიფომ კი სტატისტიკა წაიკითხოს, რომელიც ჩვენი შრომის შედეგია“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.