2023 წლის პირველი ნახევრის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით, 102.6%-ით შესრულდა.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 6 თვეში გადასახადების სახით მობილიზებულია 8.04 მილიარდი ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარი წლის გეგმის 102.6%-ია.
ბიუჯეტში შესული თანხები ასე ნაწილდება:
• დამატებული ღირებულების გადასახადი - 3.2 მილიარდი ლარი, გეგმის 103.6%;
• საშემოსავლო გადასახადი - 2.77 მილიარდი ლარი, გეგმის 107.9%;
• მოგების გადასახადი - 1.12 მილიარდი ლარი, გეგმის 101.6%;
• აქციზი - 965 მილიონი ლარი, გეგმის 120.1%;
• იმპორტის გადასახადი - 71 მილიონი ლარი, გეგმის 130%.
გარდა ამისა, 2023 წლის 6 თვეში დაგეგმილი იყო 350 მილიონი ლარის დივიდენდების მიღება, ძირითადად ეროვნული ბანკიდან, თუმცა შესრულებამ 463 მილიონი ლარი შეადგინა. მეტობით შესრულდა ბიუჯეტის სანქციების და საურავების ნაწილიც ანუ დაგეგმილი იყო 57 მლნ ლარის შემოსავლის მიღება, თუმცა ფაქტობრივი შესრულება 72 მილიონ ლარს შეადგენდა.
მთლიანობაში ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა 10.7 მილიარდი ლარი იყო, სადაც გადაჭარბება 600 მილიონ ლარს შეადგენს.