„ბაზარზე ფულის მიწოდების შემცირება ფასების სტაბილიზაციაზე აისახა“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირების ტემპზე გავლენა იქონია ადგილობრივმა და საერთაშორისო ფაქტორებმა, მათ შორის იმან, რომ მთავრობამ შეამცირა ხარჯები და ბიუჯეტის დეფიციტი.
„ინფლაციის შემცირების ტემპზე გავლენას ახდენს ორი ფაქტორი: ერთი ადგილობრივი, მეორე - საერთაშორისო. თუმცა, ამ ორივეს ერთი რამ აერთიანებს. პანდემიის შემდგომ პერიოდში მთავრობებმა დაიწყეს შედარებით უფრო მოკრძალებული პოლიტიკის გატარება ხარჯვით ნაწილში, მათ შორის საქართველოს მთავრობამაც. კარგა ხანია საერთაშორისო ვალი არ აუღიათ და შეამცირეს ბიუჯეტის დეფიციტი. ეროვნული ბანკიც მიჰყვა ამ გზას და არ აძლევს მათ ირიბი ფორმებით სესხს და შესაბამისად, ბაზარზე ფულის მიწოდება შემცირდა.
გარდა ამისა, ბოლო წლებში, საქართველოში მაღალი იყო რეფინანსირების განაკვეთი, რაც ფულზე მოთხოვნას შედარებით ანელებდა რამაც, ჯამში, იმოქმედა იმაზე, რომ ფულის მიწოდება ბაზარზე შემცირდა, რაც ფასების სტაბილიზაციაზე აისახა.
რუსეთის უკრაინაზე აგრესიის შედეგად საქართველო სატრანზიტო ქვეყანა გახდა, იგივე, რუსეთისთვის და ძალიან ბევრი სხვა ქვეყნისთვის, რამაც ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის გაზრდა გამოიწვია და ამანაც ხელი შეუწყო იმას, რომ ლარზე მოთხოვნა შედარებით გაიზარდა, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო ფაქტორებმაც იმოქმედა ქვეყანაში ინფლაციის შემცირების ტემპზე რადგან იქაც ანალოგიური პროცესი მიმდინარეობდა - შემცირდა დოლარის მიწოდება ბაზარზე და ინფლაცია დოლარში. „შესაბამისად, ეს 2 კომპონენტი - ადგილობრივი და საგარეო ერთმანეთს ემთხვევა და იმიტომაც ხდება შედარებით სტაბილიზაცია ფასებთან მიმართბაში“, - განმარტავს პაატა შეშელიძე.