ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებამ“ დამატებით 80 ათასი ლარის ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე გააფორმა კერძო პირებთან ტექნიკისა და ოპერატორების დაქირავებაზე.
„სანდასუფთავების“ ინფორმაციით, ამის აუცილებლობა გამოიწვია შტორმმა, რის შედეგადაც პლაჟზე დიდი რაოდენობით ნატანი [ასევე, „მძიმე ხეები და ტოტები“] დაგროვდა, მის გასატანად კი, „სანდასუფთავების“ და ადრე, ტენდერით დაქირავებული ტექნიკა საკმარისი არ აღმოჩნდა.
„აღნიშნულ სამუშაოებს ვაწარმოებდით ელექტრონული ტენდერით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე შპს „სანდასუფთავებას“ საკუთრებაში არსებული ტექნიკით. თუმცა ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, აღნიშნული ტექნიკა საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა პრობლემის აღმოსაფხვრელად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება“ – წერს „სანდასუფთავება“.
შტორმის შედეგი ბათუმის სანაპიროზე / 20.09.2025
2025 წლის განმავლობაში ტექნიკისა და მათი ოპერატორების დაქირავებაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან „სანდასუფთავებას“2024 წელს აქვს გაფორმებული 58 ათას ლარზე. შესყიდვების პორტალზე ამ კომპანიისთვის თანხის გადახდა ამ დროისთვის [25.09.2025] არ ფიქსირდება.
დამატებითი ხელშეკრულებები კი „სანდასუფთავებამ“ 2025 წლის 22-23 სექტემბერს გააფორმა შპს „ვეფხვთან“ და ინდმეწარმე გაბრიელ იაკობაძესთან – თითოეულთან 40 ათას ლარზე.
„ვეფხვთან“ გაფორმებული ხელშეკრულებიდან
გაბრიელ იაკობაძესთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან
ამ ხელშეკრულებების მიხედვით, „მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოთხოვნის შესაბამისად, 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით“.
„მომსახურების საფასურის ანაზღაურება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად“ – წერს „სანდასუფთავება“ შესყიდვების სააგენტოს.
შესყიდვების პორტალზე „სანდასუფთავების“ მიერ ჯერ არ არის ატვირთული დოკუმენტები, რა მომსახურება გასწიეს და რამდენი გადაუხადეს [ან გადაუხდიან] „ვეფხვსა“ და გაბრიელ იაკობაძეს.
ბათუმის პლაჟის გაწმენდა / ფოტოები შესყიდვების პორტალიდან
„შპს „სანდასუფთავება“ პასუხისმგებელია ქალაქ ბათუმის სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობაზე. ორგანიზაცია ვალდებულია დაასუფთაოს აღნიშნული ტერიტორიები და უმოკლეს ვადაში აღმოფხვრას პრობლემა. ვითარება ვერ იქნებოდა წინასწარ განსაზღვრული, რადგან აღნიშნული მოვლენა გამოიწვია მოულოდნელად მოსულმა უხვმა ნალექმა და ზღვაზე 6 ბალიანმა შტორმმა, წინსწრებით ვერ იქნება განსაზღვრული რა რაოდენობის ტექნიკის გამოყენება მოუწევდა ორგანიზაციას“ – წერს „სანდასუფთავება“ შესყიდვების პორტალზე.
ამასთან, მერიის კომპანია იქვე აღნიშნავს, რომ ნატანის მასშტაბური რაოდენობა ჩვეულებრივზე მეტ რესურს მოითხოვს, რამაც შეიძლება შეაფერხოს ყოველდღიური დასუფთავების პროცესები ქალაქის სხვა უბნებში. დაგვიანებულმა რეაგირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტურისტული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შეჩერება, საფრთხეს შეუქმნას მოქალაქეების უსაფრთხოებას… ნარჩენი ზღვის ტალღებით ისევ წყალში დაბრუნდეს და ზიანი მიაყენოს ბიომრავალფეროვნებას.
„სანდასუფთავება“ და მისი მესაკუთრე ბათუმის მერია უხვ ნალექს, შტორმსა და მისგან გამოწვეულ შედეგებს ყოველთვის „მოულოდნელს“ უწოდებს პოსტფაქტუმ, თუმცა უხვი ნალექი და შტორმი [გამოწვეული მძიმე შედეგებით] ბოლო წლებია ბათუმისთვის უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
აქვე აღსანიშნავია, რომ „მოსალოდნელი უამინდობა“ ყოველთვისაა გათვალისწინებული იმ ტენდერებში თუ პირდაპირ შესყიდვებში, რომლებიც გასართობ ღონისძიებებს უკავშირდება და პირობებშიც აღნიშნავენ, რომ ამის გამო ღონისძიების ჩატარების თარიღი შეიძლება შეიცვალოს. ამჯერადაც ასე მოხდა – ფესტივალი „განდაგანა 2025“ ბათუმში დაგეგმილზე გვიან ჩაატარეს, ამ ღონისძიებაში კი ბიუჯეტიდან 735 ათას 342 ლარი დაიხარჯა.
ზღვის სანაპიროს ტურისტების მოსაზიდად მხოლოდ პლაჟიდან ნაგვის გატანა არ შველის. სიტუაცია გაცილებით სერიოზული და მძიმეა ბათუმის სანაპიროზე.
ბათუმის მერიაშიც, აჭარის თუ ქვეყნის სამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურებში ისიც კარგად იციან, რომ ბათუმის სანაპირო ზოლის ზღვისგან დასაცავად ახალი სტრატეგიაა შესამუშავებელი, მანამდე კი მდინარეების კალაპოტებიდან სხვადასხვა მშენებლობისთვის ხრეშის ამოღება უნდა აიკრძალოს და ეს ხრეში მხოლოდ სანაპირო ზოლის დაცვას მოხმარდეს.
მარტო ბათუმის ახალ ბულვართან პლაჟის შესანარჩუნებლად და ნაპირის დასაცავად ყოველწლიურად მინიმუმ 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა საჭირო.
20-21 სექტემბერს აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის წყლის უჩვეულო, ძლიერი სიმღვრივეც შეინიშნებოდა.
არც ბათუმის მერიას, არც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თუ აჭარის არალეგიტიმურ მთავრობას ზღვის სიმღვრივის პრობლემაზე ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია.