აშშ-ის ხაზინის სანქცირებულთა სიაში მყოფი „ვითიბი ბანკის” გაყიდვასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რაიმე სიახლე არ არის.
როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, „ვითიბის“ გაყიდვასთან დაკავშირებით სიახლის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოება ამას გამჭვირვალედ გაიგებს.
„კანონმდებლობაც ადგენს და ეროვნული ბანკიც შეეცდება, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოხდეს ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც ბანკთან იქნება დაკავშირებული.
დღეს ვითიბი ბანკს შეზღუდული აქვს ფუნქციონირება. მისი კავშირები შეწყვეტილია როგორც სხვა ბანკებთან, ასევე სებ-თან და მისი საქმიანობა რისკს არ წარმოადგენს,”- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, “ვითიბი ბანკის” ლიცენზიის და აქტივების შეძენით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი იყო დაინტერესებული.
„ვითიბი ბანკმა” 2022 წელი 51.3 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ბანკის ზარალის მიზეზი გასულ წელს „ვითიბი ბანკი საქართველოს“ იმ რუსულ ბანკებს შორის მოხვედრა იყო, რომლებზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გავრცელდა. სანქცირებულმა ვითიბი ბანკმა საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების პორტფელი გაასხვისა. გარიგების შედეგად, საცალო პორტფელი „ბაზის ბანკმა“, მცირე და საშუალო ბიზნესის კი „ლიბერთიმ“ გადაიბარა.