6.5 მლნ ლარის მთლიანი აქტივები და 6.2 მლნ ლარამდე საკუთარი კაპიტალი, — ეს საქართველოში პირველი ციფრული ბანკის „პეისერა საქართველოს“ ფინანსური მონაცემებია, რომელიც ივნისში სატესტო რეჟიმიდან მომხმარებელთა მომსახურების რეალურ რეჟიმზე გადავიდა.
2023 წლის II კვარტალის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ბანკის ვალდებულებები სულ 281 069 ლარია. ბანკი 955 141 ლარის წაგებაზეა და უკვე გადაიხადა 28 545 ლარის მოგების გადასახადი.
„პეისერა საქართველოს“ 5.7 მლნ ლარის ფულადი სახსრები აქვს განთავსებული სხვა ბანკებში.
ბანკს 93.75%-მდე ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში აქვს, ხოლო უცხოური ვალუტით არსებული აქტივები 61.72%-ია.
სს „პეისერა საქართველოს“ გენერალური დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილია, რისკების დირექტორი ირაკლი თოიძე, ხოლო ფინანსური დირექტორი გიორგი ჩრდილელი. შპს პეისერა საქართველო 2022 წლის მარტში დაფუძნდა, კომპანიის 30-30%-ს ირაკლი ვეკუა და დიმიტრი ქუმსიშვილი ინაწილებენ, 16.9% კი ირაკლი თევდორაშვილს ეკუთვნის. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არიან: ლაშა კახიშვილი, ირაკლი თევდორაშვილი, გიორგი მიროტაძე და ნინო მეფარიშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის 15 ივნისის განკარგულების თანახმად, სს „პეისერა ბანკი საქართველომ“ სატესტო რეჟიმი წარმატებით დაასრულა და რეალურ რეჟიმში მომხმარებლის მომსახურების უფლება მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, სს პეისერა საქართველოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში უნდა ემუშავა და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნებოდა, თუმცა შემდეგი განკარგულებით ეს ვადა 7 თვემდე გაგრძელდა. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება. ციფრული მოდელის გათვალისწინებით, პეისერა საქართველოს მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება დისტანციურად ფილიალებისა და სერვის ცენტრების გარეშე.