სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის (იანვარ-ივნისის) ანგარიშის თანახმად სანქციების, ჯარიმისა და საურავების სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 127 807 100 ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (84 მილიონი ლარი) 152.2%-ია.
დოკუმენტი პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ივანიშვილის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
"გვაქვს სამწუხარო რეალობა, რომ გახშირებულია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც შესაბამისი ჯარიმები მოჰყვება. ბოლო 6 თვეში ჯარიმების მიმართულებით ცვლილებები არ ყოფილა, რაც გასულ წელს იყო დადგენილი, იგივეა დადგენილი, თუმცა დარღვევა მეტია. ეს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების ნაწილში არ არის. ის რომ კომპანიები ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, საკმაოდ გააქტიურებულია მუნიციპალიტეტები და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და თუ კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებს, გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმების გადახდა უწევს“, - თქვა კაკაურიძემ.
დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 14 507 900 000 ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 15 086 701 200 ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104.0%.
გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი კი განისაზღვრა 13 057 400 000 ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 13 303 018 400 ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.9%.