საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვლენ, თუმცა პროგრამის აღდგენაზე მოლაპარაკებები გათვალისწინებული არ არის. ფონდის თანამშრომლებს საქართველოში მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი უხელმძღვანელებს. ოფიციალური ვიზიტი 29 იანვარს დაიწყება და 4 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

IMF-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფონდის თანამშრომლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, რათა შეაფასონ ქვეყნის მაკროეკონომიკური პერსპექტივები და განიხილონ მთავრობის ეკონომიკური გეგმები. ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვიზიტი IMF-ის პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ითვალისწინებს და ფონდი მსგავს შეხვედრებს ყოველწლიურად ატარებს წევრ სახელმწიფოებში, რათა მონიტორინგი გაუწიონ ეკონომიკურ და ფინანსურ განვითარებას.

2023 წელს IMF-მა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“. მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. ფორდმა პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რამაც ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე კითხვები გააჩინა.

bm.ge