ეროვნული ბანკის განახლებული საბაზო პროგნოზით, წლიური ინფლაცია მე-2 კვარტალში მიზნობრივი მაჩვენებლის ახლოს იქნება და საშუალოვადიან პერიოდში მის ირგვლივ დასტაბილურდება. ეს, წინა პროგნოზთან შედარებით, ინფლაციის უფრო სწრაფ კლებას ნიშნავს, რაც, მეტწილად, განპირობებულია სასაქონლო პროდუქციის მოსალოდნელზე უფრო მკვეთრი გაიაფებითა და ლარის გაცვლითი კურსის გამყარებით.
სებ-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის შემცირება, ძირითადად, მისი იმპორტული კომპონენტის ხარჯზე ხდება, თუმცა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, ადგილობრივი ინფლაციაც, ბოლო პერიოდში, ნორმალიზაციის ადრეულ ნიშნებს ავლენს.
„უკანასკნელ პერიოდში წლიური ინფლაცია სწრაფად მცირდება და, საშუალოდ, 2023 წლის პირველ კვარტალში 7.6% იყო. მიმდინარე საბაზო პროგნოზით, ინფლაცია წლის დარჩენილ პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით ჩამოსცდება და, საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში მის ირგვლივ დასტაბილურდება. მოკლევადიანად, აღნიშნული დინამიკა, ნაწილობრივ, საბაზო ეფექტების გავლენის შედეგია, თუმცა ასევე დიდ როლს თამაშობს იმპორტული პროდუქციის და საერთაშორისო ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი გაიაფებაც, სასაქონლო ნედლეულის საერთაშორისო ფასების კლებისა და ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე. საშუალოდ, 2023 წელს პროგნოზირებული ინფლაცია 2.8%-ის ფარგლებში იქნება“, - აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.