ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული კომპანიების ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით აუდიტორული სექტორის შემოსავალი შემცირდა.
ბაზარზე მოქმედი 15 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის შემოსავალი მხოლოდ აუდიტორული მომსახურების გაწევიდან 7%-ით შემცირდა და 49.9 მილიონი ლარი შეადგინა.
აუდიტორულ სექტორში აცხადებენ, რომ აუდიტორული კომპანიების ნაწილს გარკვეული კონტრაქტები უცხოურ ვალუტაში ჰქონდა გაფორმებული და სავარაუდოა, რომ ბაზრის შემოსავლების შემცირებაც 2022 წელს ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესთან იყოს დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ კომპანიების რიცხვი რომლებიც ასაჯაროვებენ საკუთარ შემოსავლებს. რაც გარკვეულწილად, განპირობებულია ქვეყანაში მოქმედი ფინანსური გამჭვირვალობის ახალი სტანდარტით, რომლის მიხედვითაც, ყველა ზომის კომპანია ვალდებულია გამოაქვეყნოს მიღებული შემოსავლები.
ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტების დაკმაყოფილება და ფინანსური ანგარიშების მომზადებიდან მიღებული შემოსავლების გამოქვეყნების ვალდებულება თავად აუდიტორულ კომპანიებსაც აქვთ. მათ მიერ წარდგენილი მონაცემების მიხედვით, ყველაზე შემოსავლიანი სდპ-ის შემოწმების უფლების მქონე აუდიტორული კომპანიების სიის სათავეში კვლავ საერთაშორისო კომპანიები დომინირებენ, მათ შორის: EY (₾19 141 188), BDO Georgia (₾18 545 019), PwC (₾16,365,250), KPMG Georgia (₾11,986,555), Deloitte (₾10,238,963) Nexia Georgia (₾10,095,665), Grand Tornthorn (₾4,128,035), Baker Tilly Georgia (₾2,065,411).
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების საერთო შემოსავალი 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით 2.3%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებებია: 2021 წელს I და II ადგილზე მყოფი აუდიტორული კომპანიების EY-სა და PwC-ის შემოსავლები 12% და 24%-ით შემცირდა. BDO Georgia კონსოლიდირებული შემოსავლის 19%-იანი ზრდით ერთი პოზიციით დაწინაურდა; KPMG-ის შემოსავალი 5%-ით შემცირდა, Nexia Georgia-მ კი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით რეიტინგში რეკორდული, 27%-იანი ზრდა აჩვენა.
მნიშვნელოვანია, რომ პირველი ექვსეულის შემოსავალი როგორც კონსოლიდირებულ, ისე აუდიტის ჭრილში მნიშვნელოვნად აღემატება რეიტინგის დანარჩენი კომპანიების შემოსავლებს. მეექვსე პოზიციაზე მყოფი Nexia Georgia-ს შემოსავალი მეშვიდე პოზიციაზე მყოფ Grand Thornton-ს 2.5-ჯერ აღემატება (144%) და მეხუთე ადგილზე მყოფ Deloitte-ს მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება.
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, ივარაუდება, რომ 2023 წლის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ხუთეულის ჩამონათვალში კომპანიების რეიტინგი შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს.
(NS)